ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ ოქტობერში ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. თავად ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ „მანამ, სანამ სისტემა არ შეიცვლება და სამართლიანი თამაშის წესები არ დაწესდება” არჩევნებში არ ჩაერთვებიან.
„მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციიდან ვიღაც მაინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. გიორგი გახარიას პარტია საღი აზროვნებით გამოირჩევა და იმედი მაქვს ის გავა. რაც შეეხება ნიკა გვარიამიას პარტიას, ძალიან გამიხარდება და გამიკვირდება, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა
„რეზონანსთან”.
შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, ჯერჯერობით ოპოზიციაში საერთო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არ არსებობს.
პარლამენტის თავმჯომარის, შალვა პაპუაშვილის ვარაუდით, ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს. მისივე განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებთან დაკავშირებით სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, რომელსაც როგორც „მარიონეტები” გარედან იღებენ.
„პროცესი სრულად გარედან იმართება. ამ დღეებშიც აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები, ნაწილი ჩამოვიდა და ალბათ, ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის. ვხედავ მათ განცხადებებს, როგორ უნდათ გამოუთხარონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ დააორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ინსტრუქციებია და მისი შესრულება.
„არჩევნებსაც რაც შეეხება, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა, მე ამასწინათ ვთქვი, რომ საბოლოოდ, მათ პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ფასი არ აქვს, დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს თანამონაწილეობს იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას ცესკო-ს იმ შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია და მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს”,-განაცხადა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ არსებული სიტუაციის ფონზე არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მისი თქმით, პარტიაში ამ თემასთან დაკავშირებით ყველა ერთიანია.
„მაშინ, როდესაც ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც ითვლის, ასეთ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, აზრი არ აქვს. არჩევნები რუსეთშიც ტარდება, მაგრამ იმარჯვებს ყოველთვის ის, ვინც ითვლის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სისტემა შეიცვალოს, დაწესდეს სამართლიანი თამაშის წესები, სადაც იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო და შემდეგ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ამას ითვალისწინებს სწორედ არჩევნები.
იმედი მაქვს, ოპოზიციური სპექტრი ერთიანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთ არჩევნებში შესვლა, სადაც ყოველთვის იმარჯვეს ის, ვინც ითვლის, სადაც არ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება სრული სახელმწიფო ტერორი და სრული ჰიბრიდული მეთოდებით ყალბდება არჩევნები, ასეთ არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არ აქვს”,-განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის სტრატეგია
პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიცია მთლიანად თუ არა, ვიღაც მაინც გავა ადგილობრივ არჩევნებში. მისივე აზრით, შეცდომა იქნება, თუ ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის.
„მე იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ვიღაც მაინც გავა, რადგან თუ ასე არ მოხდება, სრული იდიოტიზმი იქნება. „ქართულ ოცნებას” არ უნდა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და სწორედ ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ამით ოპოზიციას იწვევენ, რომ უარი თქვას.
„ოცნებას” ოპოზიცია არჩევნებში საერთოდ არ სჭირდება, ვინაიდან მას ჰყავს თავისი პარტიები, რომლებიც შეავსებენ ყველა საკრებულოს. ოპოზიციამ ეს რაღაც იდიოტური კომპლექსები უნდა გადალახოს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, სხვანაირად ევროპა ვერ გაუგებს. ახლა რომ არ ჩაერთვნენ არჩევნებში, რა უნდა ქნან მერე? 2028 წლამდე უნდა ილაპარაკონ სისტემაა შესაცვლელიო?
იმის მაგივრად, რომ სისტემაში შევიდნენ, სუსტი წერტილები ნახონ, შეცდომები ეძებონ, იძახიან, არ გავალთო. „ოცნება” ახალს ვერაფერს მოიფიქრებს და ახლა ეშინია, რომ უფრო გაუჭირდება გაყალბება.
როგორც კი ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, მაშინ გამოაცხადებს „ქართული ოცნება”, საპარლამენტო არჩევნებს ატარებს ადგილობრივთან ერთად. ამით გააჩუმებს მთლიანად ოპოზიციას და დასავლეთს. ხალხი ხომ ითხოვს ახალ სამართლიან არჩევნებს? არჩევნები მოდის, მოითხოვე მარტო სამართლიანი არჩევნები და ამაზე კონცენტრირდი.
მთელი ენერგია უნდა დაიხარჯოს არა არჩევნების მოთხოვნაზე, არამედ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაზე. მსოფლიო ჩართე ამაში, აიძულე დაგეხმარონ იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ” ცენტრალური საარჩევნო კომისია შეცვალოს, კანონმდებლობა და ა.შ.
მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციიდან ვიღაც მაინც მიიღებს მონაწილეობას. გიორგი გახარიას პარტია საღი აზროვნებით გამოირჩევა და იმედი მაქვს ის გავა. რაც შეეხება ნიკა გვარიამიას პარტიას, ძალიან გამიხარდება და გამიკვირდება, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.
ნიკა ჩიტაძის აზრით, რთული სათქმელია რას იზამს ოპოზიცია, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს ლოგიკური მიზეზები.
„კი, ერთი მხრივ არის საფუძველი იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რათა ქართულ და უცხოელ საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ოპოზიციას და არა „ქართულ ოცნებას”. ოღონდ ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, ან დამკვირვებელთა ინსტიტუტს უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა მიეცეს.
„თუმცა მეორეს მხრივ, არსებობს საფუძველი ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას და მიზეზად დაასახელოს, რომ საქართველოს დღეს ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, ან მაგალითად, პირობა წააყენონ, რომ მაშინ ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები ერთად უნდა ჩატარდეს.
„სავარაუდოდ, ოპოზიციაში ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიდის, რაც ჯერ საზოგადოებისთის არაა ცნობილი. დიდი ალბათობით, აქ ერთიანი პოზიცია არაა და სწორედ ამიტომ არ აცხადებენ საბოლოო პასუხს მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. თუმცა მე ასე მგონია, რომ საერთო გადაწყვეტილებას ოპოზიცია ერთდროულად გამოაცხადებს. მე როგორც ვიცი ეს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთნ”.