ანჯეი დუდამ აშშ-ს მოუწოდა, პოლონეთის ტერიტორიაზე თავისი ბირთვული იარაღი განათავსოს – Financial Times

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, პოლონეთის ტერიტორიაზე თავისი ბირთვული იარაღი განათავსოს, როგორც შემაკავებელი საშუალება რუსეთის მომავალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ დუდამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „აშკარაა“, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპაში, ან შეერთებულ შტატებში განთავსებული ამერიკული ბირთვული ქობინი პოლონეთში გადაიტანოს. პოლონეთის ლიდერმა თქვა, რომ მან ცოტა ხნის წინ ეს წინადადება უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან განიხილა.

„ნატოს საზღვრები აღმოსავლეთით 1999 წელს გადავიდა, ამიტომ 26 წლის შემდეგ ნატოს ინფრასტრუქტურაც აღმოსავლეთისკენ უნდა გადავიდეს. ჩემთვის ეს აშკარაა“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მისივე თქმით, საქმე არამხოლოდ იმაშია, რომ დრო მოვიდა, არამედ იმაში, რომ „უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ეს იარაღი უკვე აქ რომ ყოფილიყო“.

დუდა იმედოვნებს, რომ „გააცოცხლებს“ ბირთვული იარაღის გაზიარების პროექტს, რომელიც მან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას 2022 წელს წარუმატებლად წარუდგინა. დუდას თქმით, ტრამპმა უნდა გადაწყვიტოს, სად განათავსოს ამერიკული ბირთვული იარაღი, მაგრამ მან გაიხსენა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანის შესახებ.

„რუსეთმა არც კი დააყოვნა, როდესაც თავისი ბირთვული იარაღი ბელარუსში გადაიტანა. ნებართვა არავისთვის უთხოვია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.