ის ფაქტობრივად უარს ამზადებს, ეშინია ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს – ზელენსკი პუტინის განცხადებაზე ზავის შესახებ

ზელენსკი პუტინის განცხადებას, რომ „რუსეთი მხარს უჭერს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ნიუანსები არსებობს“, რუსულ მანიპულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი შეთავაზებაზე უარს ამზადებს, თუმცა ტრამპისთვის პირდაპირ თქმას ვერ ბედავს და მსგავსი განცხადებებით აფერხებს პროცესს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინს ეშინია პირდაპირ უთხრას ტრამპს ომის გაგრძელების განზრახვის შესახებ.

„ჩვენ ყველამ მოვისმინეთ ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები პუტინისგან ფრონტზე დუმილის იდეის საპასუხოდ – ის რეალურად ამზადებს უარს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა და ამიტომ მოსკოვში დუმილის იდეას ისეთი წინაპირობებით აყალიბებენ, რომ საერთოდ არაფერი გამოვიდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს. პუტინი ამას ხშირად აკეთებს – პირდაპირ არ ამბობს “არას”, მაგრამ აკეთებს ისე, რომ აფერხებს ყველაფერს და გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი მორიგი რუსული მანიპულაციაა…

ჩვენ არ ვაყენებთ ისეთ პირობებს, რაც ართულებს საქმეს, ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს აყოვნებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება, არის რუსეთი. მათ ომი სჭირდებათ. პუტინმა მოიპარა წლების მშვიდობა და აგრძელებს ამ ომს. ახლა მასზე ზეწოლა გვჭირდება. ჩვენ უნდა შემოვიღოთ სანქციები, რომლებიც დაგვეხმარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთი დაასრულოს ომი“, – აცხადებს ზელენსკი.