ინტერნეტ-გამოცემა “ბელინგქეტი” (“bellingcat“) შეიქმნა 2014 წლის ივლისში, ბრიტანელი ჟურნალისტის, ელიოტ ჰიგინსის მიერ და თავს მოიაზრებს, როგორც “საგამოძიებო ჟურნალისტიკის რესურსს, რომელიც სპეციალიზებულია ფაქტების გადამოწმებასა და სადაზვერვო საქმიანობაზე, ღია წყაროების გამოყენებით”.
ნეიტრალური და ალბათ, უფრო გულუბრყვილო ადამიანები უბრალო დამთხვევად მიიჩნევენ, უფრო ეჭვიანები კი კანონზომიერებად, რომ “ბელინგქეტის” დაარსების თარიღი დაემთხვა / დაამთხვიეს უკრაინაში, დონბასის რეგიონის საჰაერო სივრცეში, მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის, რეისით MH17 ამსტერდამი – კუალა-ლუმპური, ჩამოგდებას გაურკვეველ ვითარებაში. “ბელინგქეტმა” ძალიან მალე “გამოარკვია”, რომ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება რუსული საზენიტო რაკეტა “ბუკ”-ით მოხდა და ეს რაკეტა დონბასელმა მებრძოლებმა ისროლეს.
ბრიტანელი ჟურნალისტის საგამოძიებო ვებ-გამოცემამ კიდევ არაერთი გამოძიება ჩაატარა, როგორც MH17-ის დაღუპვის, ისე სხვა აქტუალური თემების გამოსარკვევად. საგამოძიებო თემების ნახევარი, თუ მეტი არა, რუსეთს, რუსულ გავლენას და რუს ჯაშუშებს ეძღვნებათ. “ბელინგქეტი” ყოველთვის კატეგორიულია და მიიჩნევს, რომ სიმართლეს ღაღადებს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. რასაკვირველია, “დამნაშავეები” ყოველთვის რუსები არიან.
“ბელინგქეტის” აშკარა ანტირუსულ ხასიათზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ რესურსს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დასავლეთის ქვეყნებში, როგორც მასმედიის, ისე სამთავრობო დონეზე. MH17-ის ტრაგედიის “გამოძიების” შემდეგ, ამ ტრაგედიაში დადანაშაულებული რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციების მთელი პაკეტი შემოიღო. არანაკლები ალიაქოთი გამოიწვია “ბელინგქეტმა” სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით, რასაც დამატებითი სანქციების შემოღება მოჰყვა რუსეთის წინააღმდეგ.
ქართული მასმედია, რომელიც დიდწილად დასავლეთიდან შემოსული გრანტების წყალობით არსებობს და დასავლეთიდანვე იმართება, აქტიურად იყენებს “ბელინგქეტის” მასალებს ანტირუსული პროპაგანდის ფარგლებში. თუმცა ამჯერად, როდესაც “ბელინგქეტმა” პროვოცირება სცადა, უთანხმოება გააღრმავოს და შეიძლება, კონფლიქტი გამოიწვიოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ეს ვითომ-ქართული მასმედია სდუმს.
რა ხდება? კერძოდ, “ბელინგქეტის” მიერ 1-ლ ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჯარებმა თითქოს საქართველოს ტერიტორიის რაღაც ნაწილი დაიკავეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების შესართავთან ახლოს. რასაკვირველია, ინფორმაცია ყალბია, მით უფრო, რომ მას სომეხი წარმოშობის ავტორი, მასის ინგილიზიანი ავრცელებს. ქართულ სოციალურ ქსელებში ეს ინფორმაცია ერთ-ერთი პროსომხური რუსული საიტიდან გადმოაქართულეს, სადაც მითითება არ იყო სომხური წარმოშობის ავტორზე. ასე რომ, ინფორმაციამ ააღელვა ქართველი მკითხველები.
მაგრამ ქართული მედია, ნაცვლად შიშების გაფანტვისა, ფაქტზე სდუმს, რადგან არ აწყობს “ბელინგქეტის” დისკრედიტაცია – მთავარი სამიზნე ხომ რუსეთია და “მერე რა მოხდა”, საქართველო “ხურდაში” თუ მოყვება?!
ამიტომ საზოგადოებამ მეტად უნდა ნახოს ალტერნატიული მასმედია, ნაკლებად ენდოს “ოფიციალურს”. რაც შეეხება “ბელინგქეტს”, იგი აშკარად ბრიტანულ-ამერიკული სპეცსამსახურების პროექტია (ოფიციალურად მას “გუგლი” და კერძო შემომწირველები ჰყავს), რომელთა მიზანია, სკანდალური “გამოძიებებით” გადაფარონ ჯულიან ასანჟის მიერ დაარსებული, მართლაც საგამოძიებო “ვიკილიქსის” ხმა.
დაბოლოს, გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საქართველოში გაღვივდეს როგორც ანტისომხური, ისე ანტიაზერბაიჯანული განწყობები. აზერბაიჯანლებიც და სომხებიც ჩვენი უახლოესი მეზობლები და ისტორიულად კარგად ნაცნობი ერები არიან, რომლებთანაც მეტი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ვიდრე მტრობა. მაგრამ სიფხიზლესაც თავი არ სტკივა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ეროვნულ შუღლს და შუღლის გაღვივებას, როგორც ეს “ბელინგქეტმა” იკადრა აზერბაიჯანის მიმართ. ასევე ვგმობთ ანტისომხური აზერბაიჯანული რესურსის “კავკაზპლუსის” საქმიანობას, რომელიც ფეიკ-ნიუსების გავრცელებით არის დაკავებული სომხეთის შესახებ და ამ ნიუსებს ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ავრცელებს.
“ნიუსფრონტი”