ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ი 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე რუსული კომპანიის „ტატნეფტავიასერვის“-ისგან თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა და ამრიგად ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ინფორმაციას რუსული მედია ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ავრცელებს.
როგორც მასალაშია აღნიშნული, ავიაკომპანიას 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის მარტამდე შესყიდვის 28 მცდელობა ჰქონდა. ცამეტჯერ შესყიდვა წარმატებული აღმოჩნდა. საერთო ჯამში airBaltic-მა 3100 ტონა საავიაციო საწვავი შეიძინა, რაც 206,7 მილიონი რუბლის, ანუ 2,3 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობი ჯერ მესამე ქვეყანაში გადიოდა, ხოლო იქიდან უკვე airBaltic-ს ის ლატვიაში შეჰქონდა.
თავად ავიაკომპანიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი რუსეთთან უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ. რუსეთთან თანამშრომლობას გამორიცხავს ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროც, რომელიც ავიაკომპანიის მთავარი აქციონერია.
ფაქტით აღშფოთებულია ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი. „ლატვიის მთავრობა airBaltic-ის 97,97% ფლობს. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ასე აღასრულებს სანქციებს?“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.