პუტინმა უიტკოფის მეშვეობით ტრამპს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სიგნალები გადასცა – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ლიდერის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფთან კრემლში შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ უკრაინის საკითხის შესახებ ტრამპს ინფორმაციას და დამატებითი სიგნალები გადასცა, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვი

„გუშინ გვიან საღამოს პრეზიდენტმა პუტინმა ის [უიტკოფი] მიიღო და  დამატებითი ინფორმაციას წარუდგინა. უიტკოფის მეშვეობით პუტინმა პრეზიდენტ ტრამპს ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გადასცა“, – თქვა პესკოვმა.

როგორც პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჯერ შეთანხმებული არ არის. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც უიტკოფი მას ინფორმაციას გადასცემს. „მას შემდეგ, რაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში მიღებულ მთელ ინფორმაციას მისი ქვეყნის მეთაურს გადასცემს, საუბრის გამართვის ვადებზე მსჯელობა დაიწყება“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის გამართვის საჭიროებას ორივე მხარე ხედავს.