„ოცნების” ლეგიტიმაცია, თუ კონკრეტული მოთხოვნები – რას ითხოვს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისგან

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის შეხვედრა ისევ საყოველთაო მსჯელობის საგანია. ხელისუფლების მხარდამჭერები ამას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან „ოცნების” ხელისუფლების აღიარებად მიიჩნევენ, მათი ოპონენტები კი, საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით, აშშ-ის მხრიდან შესაძლო მკაცრს გზავნილებზე აკეთებენ აქცენტს. რისი მაჩვენებელია ეს შეხვედრა და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებისგან?

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს 14 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროშ შეხვდა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს როგორც სამინისტროს, ასევე საელჩომ. თუმცა, ამ განცხადებების შინაარსში მნიშვნელოვანი განსხვავებებია. გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია, თუ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ხაზგასმით თქვა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მზად იყო აშშ-ის ელჩს შეხვედროდა და ანალოგიური მზაობა გამოხატა აშშ-ის ელჩმაც.

„ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, გამართოს ასეთი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც ძალიან კარგია. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის”, – განაცხადა პრემიერმა 22 ოქტომბერს.

თუმცა, ასეთი შეხვედრა არ გამართულა. სამაგიეროდ, თითქმის 5 თვის შემდეგ, აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციაში „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”, რადგან შეხვედრა შედგა. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-მა ამ ნაბიჯით ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარა. ოპოზიციაში ელჩისა და ბოჭორიშვილის შეხვედრას სხვაგვარად უყურებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ აშშ-ს შესაბამისი მესიჯები და მოთხოვნები ექნება, რომელთა შესრულებაც მმართველ პარტიას გაუჭირდება.

ოფიციალური განცხადებები

14 მარტის შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადებას გაავრცელა, სადაც ხაზგასმით წერია, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.

„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზაობაც საქართველომ არაერთხელ დაადასტურა.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა.

„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

„შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად,” – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოპოზიციისა და „ოცნების” რაკურსით დანახული შეხვედრის ნიუანსები

აშშ-ის სალეჩოს განცხადებას ოპოზიციაში „მკაცრს” უწოდებენ და ამბობენ, რომ ტექსტში ურთიერთპატივისცემა გამოხატული არ არის, რომელიც დიპლომატიურ ტექსტებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე. ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მოთხოვნები, რომელიც დანიგანმა ბოჭორიშვილს გააცნო, „ოცნებისთვის” მარტივი შესასრულებებლი ვერ იქნება.

„ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში (აშშ-ის საელჩოს განცხადებაში), რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება – ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.

„რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის” მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას” გაფორმებული”, – განაცხადა გაერთიანების „კოალიცია ცვლილებებისათვის” წარმომადგენელმა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ოპოზიციაში ასევე აქტიურად განიხილავენ აშშ-ის ელჩის მკაცრ სახესა და დისტანციასაც, „თუ როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან”.

მმართველი პარტია კი უპირველესად იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ეს შეხვედრა აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების” ხელისუფლების აღიარებაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ლეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავრობის ერთ-ერთი წევრთან” შეხვედრა მისასალმებელია.

„კარგია, რომ აღინიშნა, რომ საქართველოს ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავრობის ერთ-ერთი წევრი მაკა ბოჭორიშვილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ზუსტად ასეთ განცხადებებს

„კოვზი ნაცარში ჩაუვარდა აგენტურის ძალიან ბევრ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ასეთ ურთიერთობებს და გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ. როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითის” დამარცხებაზე, მათ შორის, ვგულისხმობდით იმ ყველაფერს, რომელიც იყო წარსულში ძალიან ცუდი გამოცდილებები, ამ გამოცდილებების შეცვლას და ურთიერთობების დამყარებას ისეთ დონეზე, როგორც ეს შეეფერება ორ თანაბარუფლებიან ღირსეულ ქვეყანას”, – აღნიშნა გორდულაძემ.

მოხდა თუ არა ლეგიტიმაციის აღიარება

„რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურად აღიარებს, რადგან სხვა შემთხვევაში მკაფიოდ განაცხადებდა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ სცნობდა.

„გარკვეულწილად, ვფიქრობ, ეს შეხვედრა „ოცნების” ლეგიტიმაციაა. ყველამ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გვერდზე რომ გადავდოთ და ლოგიკურად მივუდგეთ საკითხს – აშშ-ის ელჩი მიდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელს, მას გადასცემს ამერიკის მთავრობის პირობებსა და მოთხოვნებს სტრატეგიული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, ოფიციალური ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან ელოდება, რომ ის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ელჩის განცხადებაში იყო აღნიშნული.

„ეს ნიშნავს, რომ აშშ საკონტაქტო პირად ირჩევს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. აშშ-ს რომ არ მიაჩნდეს, რომ ეს არის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, მათთან რაიმე კონტაქტს დაიჭერდა? რა თქმა უნდა, არა. ასეთ შემთხვევაში ისინი გააკეთებდნენ იმგვარ განცხადებას, როგორიც გაკეთებული აქვთ ცალკეული სახელმწიფოების მიმართ, მაგალითად: „ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს”. შესაბამისად, ეს ოფიციალური კონტაქტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ლეგიტიმაციის მინიჭება. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილს სიტყვა „ლეგიტიმაციაც” კი აღიზიანებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება,” – აღნიშნა ანჯაფარიძემ.

განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, ელჩისა და ბოჭორიშვილის შეხვედრა „არავითარ შემთხვევაში „ოცნებისთვის” ლეგიტიმურობის მინიჭებას არ გულისხმობს”.

„აშშ-ის მიერ „ოცნების” ლეგიტიმურობის აღიარება მხოლოდ მაშინ იქნება, როცა კობახიძე ჩავა ვაშინგტონში. როცა ის იყო ლეგიტიმური და საუბარი იყო „რუსულ კანონზე”, დემონსტრაციულად არ ჩავიდა, რადგან აშშ-მა შესთავაზა შეეჩერებინა (და არა გაეუქმებინა) „რუსული კანონის” განხილვა. თუმცა ასე არ მოხდა.

„აი, მერე, როცა ხელისუფლება გახდა არალეგიტიმური, ნიუ-იორკში, გაეროს სხდომაზე, ვაშინგტონმა თავად უთხრა უარი მიღებაზე – და ეს არის არაღიარების დადასტურება. შესაბამისად, ვიდრე კობახიძე არ ჩავა ვაშინგტონში ან ტრამპი თბილისში, მანამდე აღიარება იქნება ზღაპარი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან”.

მისივე თქმით, „დე ფაქტო ხელისუფლებასთან” დემოკრატიული ძალების შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია.

„ელჩის დონეზე აშშ შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლებას. მკითხველმა უნდა გაიხსენოს, რომ ქართული მხარე ჟენევაში რეგულარულად ხვდება აფხაზებსა და ოსებს. ოსებსა და აფხაზებს თავშიც კი არ მოუვათ თქვან, რომ „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეგვხვდა ჟენევაში, ამიტომ ვაღიარებთ საქართველოს ხელისუფლებას”.

„ასე არის აშშ-ის შემთხვევაშიც – აშშ-ის ელჩი შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც თავის თავს საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებს. ელჩი არის ელჩი, ხოლო ბოჭორიშვილის ტოლი აშშ-ში არ არის ელჩი, არამედ რუბიო. აი, რუბიო შეხვდეს ბოჭორიშვილს და მაშინ ვიტყვით აღიარებას. ან კობახიძე მიიწვიონ ვაშინგტონში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რა შეიძლება ითხოვდეს აშშ „ოცნებისგან”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს შესაძლო მოთხოვნებსა და ახალი ადმინისტრაციის მიდგომებზე:

„სავარაუდოდ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა, რომ საქართველოს უფრო მეტი სიცხადე შეეტანა თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში. მოგეხსენებათ, ჩვენ მრავალვექტორულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, რაც უკვე რამდენიმე წელია დასავლეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, არაერთგვაროვნად აღიქმება. ყველა გაგებით ამას არ ეკიდებიან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა სწორედ ეს იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე ვვარაუდობ.”

ანჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა კონკრეტულ საკითხებში „პოლიტიკა შეარბილოს”.

„ვფიქრობ, რომ ისეთი სიმკაცრით, როგორც წინა ადმინისტრაცია ითხოვდა, აღარ მოითხოვენ, მაგალითად, ანტი-ლგბტ, კანონის ან ტრანსგენდერების კანონის გაუქმებას. იგივე შეიძლება ითქვას გამჭვირვალობის კანონზეც. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს ჩემი ვარაუდებია, გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ახლებურად უყურებს თუნდაც ენერგეტიკის დაფინანსების საკითხს. შესაბამისად, მიდგომები განსხვავებული იქნება. თუმცა აშშ-ს რეალურად სურს, საქართველოს სახით დაინახოს სანდო და რეალური პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავარი გზავნილი დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნების მოთხოვნაა.

„რაც შეეხება მოთხოვნებსა და გზავნილებს, აშშ უყურებს და ელოდება, რომ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიულ პროცესებს და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს. კონსტიტუციით კი განსაზღვრულია, რომ ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ. თუმცა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი შეფერხებულიყო და ქვეყანა რუსეთისკენ მიემართოს. ხელისუფლება დღეს არა მხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ დამნაშავეებიც არიან.

„ამ ფონზე, ვფიქრობ, აშშ-ის მთავარი გზავნილიც იქნებოდა, რომ საქართველო დაუბრუნდეს იმ პრინციპებს, რაც თვითონ აირჩია. ეს არ არის კარნახი, არამედ საქართველოს ნებაყოფლობითი არჩევანია – გააგრძელოს სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ და სწორედ ამას მოსთხოვენ აუცილებლად,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.