30-ზე მეტმა ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა, რათა უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად იქ შეიარაღებული ძალები გააგზავნონ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისში განაცხადეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ამ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის მონაწილეობაზეა საუბარი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ძალები იქნებიან. ძალზე ბევრი ქვეყანა საკუთარ ჯარებს გააგზავნის და კიდევ უფრო მეტი სამშვიდობო ოპერაციაში სხვა სახის წვლილს შეიტანს“,- აცხადებენ სტარმერის ოფისში.
დასავლეთის 26 ქვეყნის ლიდერმა, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა და ნატოს გენმდივანმა მარკ რიუტემ 15 მარტს ვიდეოკონფერენცია ჩაატარეს, სადაც „მსურველთა კოალიციის“ საკითხები განიხილეს. სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. ამასთანავე, მოსკოვი უკრაინაში ნატოს ქვეყნების სამხედროთა განთავსებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რუსეთისთვის სულ ერთია, თუ რა სახით განთავსდებიან ნატოს ქვეყნების სამხედროები უკრაინაში და ამ საკითხის განხილვა „აბსურდული და მიუღებელია“.