პუტინი ითხოვს შეწყდეს იარაღის მიწოდება უკრაინაში – Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს შეუწყდეს უკრაინას იარაღის ყველა მიწოდება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობის განმავლობაში.

ზელენსკი და პუტინი

დღეს ტრამპი და პუტინი ტელეფონით ისაუბრებენ და განიხილავენ უკრაინაში ომის დასრულებას, რომლის მთავარი მიზანი, როგორც „ბლუმბერგმა“ აღნიშნა, არის რუსეთის დათანხმება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე.

„პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობად აქცია იარაღის მიწოდების შეწყვეტა“, – განუცხადეს გამოცემას ევროპელმა მაღალჩინოსანმა და რუსეთის პოზიციის მცოდნე სამმა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ ზოგადად, პუტინს სურს შეწყდეს იარაღის მიწოდება უკრაინაში, მაგრამ მინიმალური მიზანია, სულ მცირე, შეაჩეროს აშშ-ს დახმარება.

„პუტინის მიერ მოთხოვნილი იარაღის მიწოდების შეჩერება დროებითი იქნება და განახლდება სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, რომელშიც უკრაინა უნდა დათანხმდეს სამხედრო პოტენციალის შეზღუდვას“, – განაცხადა რუსმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ევროპას არ მოსწონს ეს იდეა. ისინი შიშობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს პუტინი ჯარს გადაიარაღებს და უკრაინა მსგავს ნაბიჯს ვერ გადადგამს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მუშაობენ უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის წინადადებას ომის დასრულების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინას მთელი რიგი პირობების შესრულება სჭირდება.