რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ უარყო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის იდეა, თუმცა სანაცვლოდ დათანხმდა წინადადებას, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე ვრცელდება.
აღნიშნულია, რომ საუბრისას პუტინმა კვლავ უკრაინას დააკისრა პასუხისმგებლობა 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადების შესაძლო ჩაშლის გამო.
ტრამპის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს, რომლებიც ეხება საბრძოლო ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური კონტროლის უზრუნველყოფას, ასევე უკრაინელების იძულებითი მობილიზაციისა და სამხედროების გადაიარაღების შეჩერებას.
„ყურადღება გამახვილდა უკრაინელი ბოევიკების მიერ კურსკის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ბარბაროსულ ტერორისტულ დანაშაულებზე“, – ნათქვამია პრესრელიზში.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის მუშაობის მთავარი პირობა უნდა იყოს კიევისთვის საგარეო სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეწყვეტა“, – წერს კრემლი.
ამავდროულად, პუტინი დათანხმდა ტრამპის წინადადებას, რომ მხარეებმა თავი შეიკავონ „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმისგან 30 დღის განმავლობაში“ და „დაუყოვნებლივ მისცეს რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება“.
გარდა ამისა, რუსეთმა გამოაცხადა 19 მარტს ტყვეების გაცვლა უკრაინასთან ფორმატით „175 175-ისთვის“ და 23 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროს უკრაინაში დაბრუნება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, განიხილონ „შავ ზღვის აკვატორიაში ნავიგაციის უსაფრთხოება“. ამასთან, დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა ორმხრივ რეჟიმში უკრაინაში სიტუაციის დასარეგულირებლად. ამ მიზნით შეიქმნება რუსული და ამერიკული ექსპერტთა ჯგუფები.