სენაკის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, ხვალიდან, 21 სექტემბრიდან დისტანციური სწავლების ფორმაზე გადავა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს” სენაკის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სკოლის ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება, სულ 150 ადამიანის და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
“ეს სკოლა გადავა დისტანციური სწავლების ფორმაზე, რისთვისაც უკვე მზად არის. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ამ პანდემიის პირობებში ნებისმიერი სკოლა ელოდება სწავლების ფორმატის შეცვლას. მასწავლებლებმა, ბავშვებმა და მშობლებმა იციან, რომ ორშაბათიდან სწავლების ონლაინ ფორმაზე უნდა გადავიდნენ, იმ პერიოდით, ვიდრე იქნებიან თვითიზოლაციაში და საბოლოოდ არ გაირკვევა, რა ხდება ამ სკოლაში, როგორი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
აქამდე აღნიშნულ სკოლაში იყო დასწრებითი სწავლება და გაკვეთილები საკლასო ოთახებში ტარდებოდა. დღეს ყველა მოსწავლესა და პედაგოგს ჩაუტარდა ტესტირება, სულ ასეთი 150 პირამდეა და ველოდებით პასუხებს “, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” დარეჯან ზარანდიამ.
შეგახსენებთ, სენაკში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
“ინტერპრესნიუსი”