სპეცოპერაცია თბილისში – ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი. მათ შორის არიან პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმა და დაცვის სამი წევრი.
“კურიერთან” საუბრის დროს ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, მათ რამდენიმე თვის წინ ნათესავები დაუკავშირდნენ და ტაჯიკეთის მოქალაქეებისგან ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვეს. ვახტანგ ფარეულიძის თქმით, მათ ნაცნობებისგან გაარკვიეს, რომ ტაჯიკი ბიზნესმენები წლებია საქართველოში მოღვაწეობენ და თაღლითობით არიან დაკავებულები.
მისივე მტკიცებით, ამ მიზეზით დაკავებულები ტაჯიკ ბიზნესმენებს ორჯერ შეხვდნენ, იყო დაძაბული საუბარი, თუმცა კანონი არ დარღვეულა. ვახტანგ ფარეულიძე “კურიერთან” ასევე ყვება რომ საჩივარი ბიზნესმენებმა დაახლოებით ერთი თვის წინ შეიტანეს და მოთხოვნის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ პოლიციაში თავად მისულიყვნენ. დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.
“ჩემს ძმას და მაგათ გადაკვეთა ჰქონდათ, ცოტათი დაეძაბათ კიდეც… საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ არ იხდით ამ თანხას, ეს ხომ გადასახდელი თანხაა, ეს მანქანები რატომ არ გაიგზავნა რუსეთში და ასე შემდეგ… ვიცით, რომ ჩვენი მანქანით გასულები არიან, უნდა ენახათ ამათ ვითომ ეს ნაყიდი მანქანები, მაგრამ იქ, რომ გატაცება, ძალადობა და ფული გამოსტაცეს, ჩვენებებში რაღაც დეტალები წავიკითხე, დაუჯერებელია.
ბიჭები აიყვანეს და მანამდე რომ ასეთი საჩივარია შემოსული ძალადობა ყოფილა ან რამე, ჩვენთან მესიჯი არ ყოფილა. შსს-ს ერთი ზარი, რომ განეხორციელებინა ჩვენთან, ასეთი რამ გედებათ ბრალად და ბიჭები გამოცხადნენ, ყველა აუცილებლად გამოცხადდებოდა, მე თვითონ მივიყვანდი და ვითანამშრომლებდით,” – განაცხადა ვახტანგ ფარეულიძემ “კურიერთან” საუბრისას.
“რუსთავი2”