გარდაიცვალა ცნობილი მხატვარი თედო მანჯგალაძე. სამწუხარო ინფორმაციას ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია ავრცელებს.
“ქუთაისელ მხატვართა რიგებს უფროსი თაობის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა, გარდაიცვალა თედო მანჯგალაძე. თ.მანჯგალაძე 1940 წლის 12 მარტს დაიბადა დიდ ჯიხაიშში. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის მხატვული ქსოვილების განყოფილებაზე. 1970 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ბატონი თედო წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის აბრეშუმის საწარმო გაერთიანებაში მხატვარ-დიზაინერად, გრ. ხანძთელის სახელობის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტში ბატიკის სპეციალობის პედაგოგად.
ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია უსამძიმრებს ოჯახს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.