2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა – საქსტატის წინასწარი მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891.8 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდა

შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წელს 3.8%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (24.3%), განათლება (29.1%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (17.9%), მშენებლობა (14.2%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.7%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.9%).

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-8.3%).