უძრავი ქონების ბაზარი სტაგნაციას განიცდის – რა დასკვნები კეთედება

„ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით უძრავი ქონების ბაზარი უბრუნდება 2022 წლის მდგომარეობას, ხოლო გაცემული სესხების რაოდენობის მიხედვით ბაზარზე მინიმუმ, ბოლო 5 წლის ყველაზე სუსტი შედეგი ფიქსირდება,” – ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში, Colliers Georgia-სა და ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მისივე შეფასებით, როგორც ჩანს, დეკემბერი-იანვრის მნიშვნელოვანი საშეღავათო აქციების შემდეგ, თებერვალში ბაზარი კიდევ უფრო შენელდა, რის შედეგადაც, როგორც ტრანზაქციების, ასევე, გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, წინა წლის შესაბამისი ორი თვის პერიოდთან შედარებით.

“ბიზნესპრესნიუსი” გიორგი ხიშტოვანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების შემდეგი რაოდენობა ფიქსირდება (იანვარი-თებერვალი 2025 VS იანვარი-თებერვალი 2024):

2025 წლის იანვარი-თებერვალი – 6097 ტრანზაქცია;
2024 წლის იანვარი-თებერვალი – 6686 ტრანზაქცია;
ანუ, მთლიანი ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-თებერვალში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 8,8%-ით.

ამასთან, ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-თებერვალში თითქმის იდენტურია წინა წლის შესაბამის პერიოდის (იანვარი-თებერვალი 2024 – 2197 ტრანზაქცია; იანვარი-თებერვალი 2025 – 2226 ტრანზაქცია).

რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ გაცემულ იპოთეკურ სესხებს (თებერვალი2025 VS თებერვალი2024)

2025 წლის თებერვალი – 328,8 მილიონი ლარის გაცემული სესხი (3500 გაცემული სესხი);
2024 წლის თებერვალი – 321,4 მილიონი ლარის გაცემული სესხი (4293 გაცემული სესხი);
რაც შეეხება 2025 წლის პირველი ორი თვის შედეგებს (იანვარი-თებერვალი 2025 vs. იანვარი-თებერვალი 2024):

2025 წლის იანვარი-თებერვალი – 574,8 მილიონი ლარის გაცემული სესხი (6554 გაცემილი სესხი);
2024 წლის იანვარი-თებერვალი – 563,8 მილიონი ლარის გაცემული (7584 გაცემული სესხი).
შესაბამისად, წლის პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, გაცემული სესხების რაოდენობა წინა წლის ორ თვესთან შედარებით შემცირდა 13,6%-ით, ხოლო გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით, პორტფელი გაიზარდა 2%-ით.

დასკვნები:

როგორც ჩანს, დეკემბერი-იანვრის მნიშვნელოვანი საშეღავათო აქციების შემდეგ, თებერვალში ბაზარი კიდევ უფრო შენელდა, რის შედეგადაც, როგორც ტრანზაქციების, ასევე, გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული წინა წლის შესაბამისი ორი თვის პერიოდთან შედარებით;

ტრანზაქციების და გაცემული სესხების რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას აბალანსებს ტრანზაქციის და გაცემული სესხის მოცულობის ზრდა წინა წელთან შედარებით, რის შედეგადაც, ბაზრის ზომის/გაცემული სესხების თანხების მოცულობის მხრივ, წინა და ამ წლის პირველ ორი თვის შედეგები თითქმის იდენტურია;

ერთი შეხედვით, 2025 პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარმა პიკის ფაზა გაიარა და დაღმასვლის ფაზაშია; ანუ, სტაგნაციის მდგომარეობა გრძელდება და რომ შევადაროთ მონაცემები, ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ბაზარი უბრუნდება 2022 წლის მდგომარეობას (მაგ. 2022 წლის იანვარ-თებერვალში 5851 ტრანზაქციას ჰქონდა ადგილი); ხოლო გაცემული სესხების რაოდენობის მიხედვით ბაზარზე მინიმუმ ბოლო 5 წლის ყველაზე სუსტი შედეგი ფიქსირდება”,- წერს ხიშტოვანი.

 

ბპნ.გე