ზელენსკი: უკრაინა მოელის, რომ აშშ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისთვის დასჯის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, უკრაინა მოელის, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დასჯის, თუ ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს. ამის შესახებ ზელენსკიმ 25 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერს უკრაინული მედია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ზღვასა და ენერგეტიკულ სექტორზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შედეგების საკითხი, რომელიც საუდის არაბეთში შეერთებული შტატების შუამავლობით შეთანხმდა, ერ-რიადში მოლაპარაკებების შედეგების შესახებ განცხადებებში არ ფიგურირებს, რადგან ვაშინგტონს შეთანხმებების ჩაშლის ეშინოდა.

„ეს არ არის განცხადებაში. მე მესმის, რატომაც. იმიტომ, რომ ამერიკულ მხარეს ძალიან სურდა, რომ ეს ყველაფერი, პირველი შეთანხმებები, არ ჩავარდნილიყო. ამიტომ მათ არ სურდათ ბევრ დეტალში შესვლა. მაგრამ მაინც, მე და თქვენ უნდა გვესმოდეს პასუხი თითოეულ დეტალზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის გუნდმა ამერიკულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შედეგების შესახებ ჰკითხა.

„დღეს [აშშ-ისგან] ასეთი პასუხი გვაქვს – თუ დავინახავთ, რომ ვიღაც არღვევს, ვფიქრობთ, ყველა არხით მივმართავთ ამერიკულ მხარეს იმ ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომ რუსულმა მხარემ ეს დაარღვია“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მოქმედებას ელის, რადგან მასთან შეთანხმება მიღწეულია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, უკრაინის აზრით, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე.

„თუ რუსები არღვევენ ამას, ჩვენ გვაქვს შეკითხვა პრეზიდენტ ტრამპთან. მაშინ მე მაქვს პირდაპირი შეკითხვა პრეზიდენტთან. ძალიან მადლობელი ვარ, თქვენ ნამდვილად სცადეთ, ყველაფერი სწორია. თქვენ შეთანხმდით, როგორც შეგეძლოთ. მაგრამ თუ არღვევენ – აი, მტკიცებულება – ჩვენ ვითხოვთ ზეწოლას, ვითხოვთ სანქციებს, ვითხოვთ იარაღს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.