აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს კოალიციის შექმნა სურს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება არ დაუშვას.
ამის შესახებ მაიკ პომპეომ გერმანული გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„აშშ მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპას რისკს უქმნის, ვინაიდან იგი რუსულ გაზზე დამოკიდებული ხდება. ეს პროექტი ასევე საფრთხეს უქმნის უკრაინას. ვიმედოვნებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა არ დასრულდება. ჩვენ ვმუშაობთ კოალიციის შექმნაზე, რათა არ დავუშვათ მისი მშენებლობის დასრულება“, – დასძინა მაიკ პომპეომ.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული გაზის მთლიანი ექსპორტის მეოთხედზე მეტი. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მასში მონაწილეობენ ევროპული ენერგეტიკული კომპანიებიც.
“იმედი”