ისრაელი მუშაობს ახალ შეთანხმებაზე მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ კიდევ ერთ შეთანხმებაზე, რომლის წარმატებასაც ვიმედოვნებთ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, გამოვიყვანოთ ყველა მძევალი“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ასევე ესაუბრა ტრამპს გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ღაზიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელების გადაყვანას მისი რეაბილიტაციის პერიოდში, რასაც ნეთანიაჰუ გაბედულ ხედვას უწოდებს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომი არც თუ ისე შორეულ მომავალში დასრულდება.
„მსურს, რომ ომი შეწყდეს და ვფიქრობ, რომ ომი შეწყდება რაღაც მომენტში, რომელიც არც თუ ისე შორეულ მომავალში იქნება. ამჟამად, ჩვენ გვაქვს პრობლემა მძევლებთან დაკავშირებით. ჩვენ ვცდილობთ მძევლების გათავისუფლებას. ეს არის გრძელი პროცესი. არ უნდა იყოს ასეთი გრძელი“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუ ინტენსიურად მუშაობს მძევლების გათავისუფლებისთვის და იმედოვნებს, რომ ისრაელელი ხალხი აფასებს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას.
„ძალიან ინტენსიურად ვცდილობთ მძევლების დაბრუნებას. გვსურს კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტა. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ ჩვენ გვსურს მძევლების დაბრუნება. ისრაელელ ხალხს ყველაფერზე მეტად სურთ მძევლების დაბრუნება. ნეთანიაჰუ ინტენსიურად მუშაობს ჩვენთან ერთად ამის გასაკეთებლად. მე არ ვიცი, იმედი მაქვს, მას აფასებენ, რადგან ის დიდებული ლიდერია. ის ძალიან ინტენსიურად მუშაობს მძევლების საკითხზე და ბევრ სხვა რამეზე. იცით, რას ვფიქრობ ღაზის სექტორზე, ვფიქრობ, ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა და ვფიქრობ, რომ ეს არის რაღაც, რაშიც ჩვენ შეიძლება, ჩართულები ვიყოთ. მაგრამ, იცით, შეერთებული შტატების მშვიდობის ძალების ყოფნა იქ, კონტროლი და ღაზის სექტორის ფლობა კარგი რამ იქნებოდა“, – თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია მსოფლიოში.
„ახლა ღაზა არის საშიში, სასიკვდილო მახე“, – განაცხადა ტრამპმა.