კახა კალაძე – მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ეს სწორი გადაწყვეტილებაა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებაზე მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო, დაკავშირებულია ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობის აღკვეთასთან.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის არაერთი მცდელობის გამო. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თანხებს იღებდა არაგამჭვირვალედ. ეს ყველაფერი იფუთებოდა. ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით იყო ერთი ასეთი შემთხვევა და ამ დროს, რეალურად, მიმდინარეობდა ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, „კანვასი“ იყო თუ არ ვცდები, არ მინდა, შემეშალოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთიდან თანხების მიღება ვერ მოხდება და ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ე.წ. დიფ სთეითი შეეცდება, იპოვოს ახალი გზები იმისთვის, რომ ქვეყანაში თანხები შემოიტანოს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოახმაროს.

„რაც შეეხება თანხების მიღებას, USAID-ისა და NED-ისგან თანხების შემოტანა ვერ ხდება, მაგრამ „დიფ სთეითი“ იპოვის ახალ გზებს, რითიც ეცდება, რომ ქვეყანაში თანხები შემოვიდეს, რაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოხმარდება. იცით, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა. ის არსებობს და ღრმა ფესვები აქვს გადგმული არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ საკმაოდ ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი. ბევრს არ სჯეროდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა პრიორიტეტად სწორედ „დიფ სთეითის“ დამარცხება გამოაცხადა და ვნახოთ, როგორ მიიყვანს ბოლომდე ამ დაპირებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.