პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე რამდენიმემ ქვეყანამ არჩევნები ჩაატარა და ყველა ქვეყანა ერთხმად ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტივობა წელს არის ძალიან დაბალი, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„წელს მაქსიმალური მცდელობა უნდა იყოს იმისკენ, რომ ხალხი კი არ შევაშინოთ, ყველა სიფრთხილის ზომა უნდა იყოს აღმოჩენილი და ადამიანები უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს პროცესი იქნება უსაფრთხო. ჩვენ სულ გვესმოდა, რომ ოქტომბრის ბოლოს იქნება ვირუსის აღმავლობა და ამან ჩვენი მოქალაქეები შეაშინა“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებაგამოსცა.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედინიუსი”