ილჰამ ალიევი: ურსულა ფონ დერ ლაიენი უზებეკთში შუა დერეფანზე საუბრობდა, მაგრამ საქართველოს შესახებ არცერთი სიტყვა არ უთქვამს, ეს უსამართლობაა

„ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უზბეკეთში გამართულ სამიტზე ბევრი ისაუბრა შუა დერეფანზე, სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გახსნაზე, თუმცა საქართველოზე არაფერი უთქვამს, რაც უსამართლობაა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული დავრჩი, როცა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ მაცნობეს, რომელიც მან უზბეკეთში ცენტრალური აზიისა და ევროკომისიის ლიდერების სამიტზე გააკეთა. ის საუბრობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნაზე შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რასაც ისინი ევროპის გლობალურ კარიბჭეს უწოდებენ.

ძალიან უცნაური იყო, იმიტომ რომ ეს დერეფანი არსებობს და სომხეთი მასში არავითარ როლს არ თამაშობს. ჩვენთვის ევროპელი ბიუროკრატების სომხეთისადმი გრძნობები გასაგებია, მაგრამ რუკას ვერ უგულებელყოფ. და ჩვენ, საქართველოსა და აზერბაიჯანში უკვე უზრუნველყავით ყველა ეს შესაძლებლობა, რომელიც დღეს ევროპელებს ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაციაში ეხმარება.

საქართველოს საზღვაო პორტები, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის საზღვაო პორტი ალათში, კასპიის ზღვაოსნობა, რომელიც ტრანსპორტის შემადგენელი ნაწილია. ყველაფერი ეს იგნორირებულია.

ჩვენს მიერ ინვესტირებული ფული იგნორირებულია. მხოლოდ თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების გახსნაზეა საუბარი. რა უნდა ქნას ევროპამ? ეს მათი საქმე არაა. თურქეთსა და სომხეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ევროპისგან შორს არის. არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი საქართველოზე. თითქოს საქართველო არ არსებობს. ეს უსამართლოა“, – თქვა ალიევმა.