რუსეთმა და აშშ-მა ქალაქ აბუ-დაბიში ერთმანეთში პატიმრები გაცვალეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ციხე რუსეთისა და გერმანიის მოქალაქემ არტურ პეტროვმა დატოვა, რომელიც 2023 წლის აგვისტოში კვიპროსზე ამერიკის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. პეტროვს ბრალად რუსეთში ამერიკული მიკროელექტრონიკის უკანონო იმპორტი ედებოდა.
რუსეთმა, თავის მხრივ, ამერიკის მოქალაქე ქსენია კარელინა გამოუშვა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით 12 წელი ჰქონდა მისჯილი.
პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მონაწილეობდა. მან გაერთიანებულ არაბთა საამიროებს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა.