ვაშინგტონსა და პანამას შორის მიღწეული ახალი შეთანხმების მიხედვით, შეერთებული შტატების ჯარი პანამის არხის გასწვრივ გარკვეულ ობიექტებზე განლაგებას შეძლებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროები პანამის მიერ კონტროლირებად ობიექტებზე განთავსებას სამხედროების მოსამზადებლად, მანევრების და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად შეძლებენ. ახალი ობიექტების აშენების უფლება აშშ-ს არ ექნება.
შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონს უფლება ექნება გაურკვეველი რაოდენობის სამხედროები განათავსოს სამხედრო ბაზებზე, რომლებიც აშშ-მა ააშენა, როდესაც პანამის არხს აკონტროლებდა.
სააგენტო AFP-ს ცნობით, ეს არის პანამის მხრიდან დონალდ ტრამპისთვის უზარმაზარი დათმობა, რომელსაც ამ საგზაო მარშრუტზე ვაშინგტონის გავლენის აღდგენა სურს.
პანამის არხზე შეთანხმების გაფორმებამდე პანამაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები კვლავ აკონტროლებენ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას არხის ზონაში, რისი მეშვეობითაც „ჩინეთს აქვს შესაძლებლობა პანამაში ჯაშუშური საქმიანობა აწარმოოს“.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პანამასთან შეათანხმა ამერიკული სამხედრო ხომალდებისთვის გადასახადის გარეშე არხის გავლის საკითხი. თუმცა ეს განცხადება პანამის არხის საკითხთა მინისტრმა ჰოსე რამონ იკასმა უარყო, რომელმაც განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არხით სამხედრო გემების გავლაში კვლავ ფული უნდა გადაიხადოს.
პანამის არხი, რომელიც წყნარი და ატლანტის ოკეანეებს ერთმანეთთან აკავშირებს, 1914 წელს აშშ-ის კომპანიებმა ააშენეს. აშშ პანამის არხს 1999 წლამდე აკონტროლებდა, ხოლო ამის შემდეგ ის სრულად გადაეცა პანამას.