სტივ ვიტკოფი: უკრაინაში ომის დასრულების „გასაღები“ არის ე.წ. „ხუთი ტერიტორია“

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების „გასაღები“ არის ე.წ. „ხუთი ტერიტორია“, – ამის შესახებ Bloomberg წერს.

სტივ ვიტკოფი

სპეციალურმა წარმომადგენელმა, Fox News-თან ინტერვიუში, მოლაპარაკებებს უწოდა „დამაჯერებელი“ და დასძინა, რომ განიხილეს ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება დაასრულოს უკრაინაში ომი.

ვიტკოფის თქმით, შეხვედრა თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა და საუბრის დასასრულს პუტინმა მას სთხოვა „მუდმივი მშვიდობის“ უზრუნველყოფა.

სპეციალურმა წარმომადგენელმა, ასევე, განაცხადა, რომ „საერთო შეთანხმების გასაღები ხუთი ტერიტორიის“ ირგვლივ ტრიალებს“.

ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვიტკოფმა მეტი დეტალი არ გაამჟღავნა.

„ეს სამშვიდობო შეთანხმება ეხება ეგრეთ წოდებულ ხუთ ტერიტორიას. მაგრამ კიდევ უფრო მეტი რამ არის. უსაფრთხოების პროტოკოლები, ნატოს მე-5 მუხლი, ძალიან ბევრი დეტალია. რთული სიტუაციაა, რომელიც რეალურ პრობლემურ საკითხებს ეფუძნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხდება. ვფიქრობ, რაღაც ისეთის ზღვარზე შეიძლება ვიყოთ, რაც მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ასევე, ვფიქრობ, რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების ხელახლა ფორმირების შესაძლებლობა არსებობს, ძალიან მიმზიდველი კომერციული შესაძლებლობების მეშვეობით, რაც, ვფიქრობ, რეგიონში რეალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. პარტნიორობა სტაბილურობას ქმნის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.