აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლებს შორის რუსეთთან ურთიერთობების გაგრძელების საკითხში ერთიანი პოზიცია არ არის. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.
ასე, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არწმუნებენ ტრამპს, რომ მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მოსკოვის მოთხოვნების მიმართ უფრო ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს. პირველ რიგში, ეს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის საკითხებს ეხება.
თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, რომელიც ბოლო თვეებში მოსკოვში რამდენჯერმე იმყოფებოდა, ირწმუნება, რომ მოსკოვი ომის დასრულებისთვის მზად არის. ამ დროისთვის, ტრამპი უიტკოფის პოზიციას იზიარებს.
წინააღმდეგობები ამ ორ პოზიციას შორის, უფრო მკაფიო გახდა, უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშს შემდეგ, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო შეცდომა, ხოლო კელოგმა აღნიშნა, რომ ეს სარაკეტო იერიში ყველა დასაშვები ხაზის გადაკვეთას ნიშნავს. მარკო რუბიომ კი ამ იერიშს საშინელი და ტრაგიკული უწოდა.
ამავე დროს, WSJ-ს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის ის წევრებიც კი, რომლებიც რუსეთთან დაკავშირებით უფრო ხისტი პოზიციის დაკავებას ითხოვენ, უკრაინაში ომის დასრულებას მხარს უჭერენ.