2025 წლის აპრილი. მსოფლიო გეოპოლიტიკური რყევების, კონფლიქტებისა და ძალთა ბალანსის ცვლილების ეპოქაში ცხოვრობს, ჩვენი რეგიონი კი ამ დუღილის ეპიცენტრშია. სწორედ ამ დროს, როცა საქართველოს ურთიერთობები ე.წ დასავლელ პარტნიორებთან – აშშ-სა და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან დაძაბული და გაფუჭებულია, ჩნდება ლოგიკური და მწვავე კითხვა: რას აკეთებს ქვეყანა ამ ფონზე? რით ვართ რეალურად დაკავებული?”
შევხედოთ სომხეთს. ქვეყანას, რომელსაც სხვათა შორის, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუფუჭდა და დაეძაბა ურთიერთობა რუსეთთან, მიმდინარე წლის 26 მარტს პარლამენტის დონეზე დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ეს არის ნაბიჯი, რომლის რეალურ შედეგიანობაში, ანუ სრულფასოვან წევრობაში, ბევრს ეპარება ეჭვი და პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია – პირდაპირ ვთქვათ, ევროკავშირში მათ არავინ ელოდება. ამის პარალელურად კი 14 აპრილს, ევროპიდან გაისმა მკაცრი გაფრთხილება, რომ “მოსკოვში 9 მაისის აღლუმსა თუ ზეიმში ნებისმიერი მონაწილეობა ევროპაში არ იქნება აღქმული მსუბუქად, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს”. მიუხედავად ამ პირდაპირი გზავნილისა და რუსეთთან არსებული დაძაბულობისა, პრემიერი ფაშინიანი მაინც აცხადებს, რომ მოსკოვში ჩავა, რადგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მათი ისტორიის ნაწილია. ეს არის მათი პოლიტიკა – რთულ რეალობაში მოქმედების მცდელობა, რომელიც აერთიანებს სიმბოლურ ევროპულ ჟესტს (თუნდაც უპერსპექტივოს), ისტორიული ნარატივის შენარჩუნებას და მოსკოვთან გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე ბალანსის დაცვის პრაგმატულ მცდელობასაც.
და ამ დროს საქართველო? ქვეყანა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვებაში ფასდაუდებელი, კოლოსალური წვლილი შეიტანა! ვსაუბრობთ ასობით ათას (ზოგი მონაცემით 300,000-ზე მეტ) დაღუპულ ქართველზე, მებრძოლებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს მსოფლიო. მარტო სტალინისა და ბერიას ფაქტორი რად ღირს – მათი ისტორიული როლის შეფასება ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ომის მსვლელობასა და შედეგზე მათმა ქმედებებმა უდიდესი გავლენა იქონია. ეს არის ისტორიული როლი, რომელსაც, სხვათა შორის, მოსკოვი ხშირად აღიარებს და არ გვიკარგავს.
ამ ისტორიული მემკვიდრეობის ერი, დღევანდელი მსოფლიოსა და ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი რთული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, როდესაც საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა. ეს კომისია, დეკლარირებულად მიზნად ისახავს წინა ხელისუფლების, კერძოდ სააკაშვილის მმართველობის დროს რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას.ეჭვგარეშეა, რომ წარსულში მომხდარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების შესწავლა, კანონის უზენაესობის დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ თვალსაზრისით, კომისიის მუშაობა თავისთავად ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება.თუმცა, კრიტიკული ანალიზი მოითხოვს ამ პროცესის განხილვას არსებული კონტექსტის გათვალისწინებით. როდესაც ქვეყნის წინაშე დგას მწვავე საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, ჩნდება კითხვები ამ კონკრეტული საგამოძიებო პროცესის დროულობასა და პრიორიტეტულობაზე. რატომ გახდა ამ წარსული საქმეების გამოძიება ასეთი აქტუალური მაინცდამაინც ახლა, იმ ფონზე, როდესაც მათზე მუშაობის შესაძლებლობა წინა წლებშიც არსებობდა? შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი: ხომ არ არის ამ კომისიის მუშაობის ინტენსიური საჯარო განხილვა, მიუხედავად გამოძიების მნიშვნელობისა, ერთგვარი მექანიზმი საზოგადოებრივი ყურადღების გადასატანად იმ მწვავე პრობლემებიდან, რომელთა გადაჭრაც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია? განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება, ქმნის მოსკოვისთვის გარკვეული სიგნალების გაგზავნის საჭიროებას.
მაშინ, როცა სომხეთის ლიდერიც კი, მიუხედავად რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობისა და ევროპის მკაცრი გაფრთხილებისა, დგება და ამბობს, მოსკოვში ჩავდივარ 9 მაისს, რადგან ეს ჩვენი ისტორიაც არისო, ჩვენ – ამხელა ისტორიული წვლილისა და მემკვიდრეობის პატრონები – ვუყურებთ ამ შიდა გარჩევებს?
პირდაპირ დავსვათ კითხვა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე: სტალინისა და ბერიას სამშობლოში, საბოლოოდ ხომ არ დავკარგეთ რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი?! ან იქნებ, პირდაპირ ვთქვათ — იდიოტები ვართ?!
ირაკლი ყიფიანი