“აღიარება ბრიუსელის გვერდის ავლით” თუ დიპლომატიური ეტიკეტი – რას ნიშნავს ავსტრიის კანცლერის წერილი კობახიძისთვის

ავსტრიის ახალი კანცლერი ქრისტიან შტოკერი, პრემიერ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის, სადაც კანცლერი ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე წერს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და როგორც ჩანს, ეს არის კობახიძის მილოცვაზე პასუხი ახალი კანცლერის მხრიდან.

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარება ავსტრიის მხრიდან, “ბრიუსელის გვერდის ავლით”. ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს არაა აღიარება, რადგან ვერც მადლობის წერილში ვერ იტყოდა არაღიარებაზე რამეს კანცლერი და დიპლომატიური ეტიკეტიც მოითხოვდა პასუხის დაბრუნებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრიაში კოალიციური მთავრობა ხუთთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ, მარტის დასაწყისში ჩამოყალიბდა. კრისტიან შტოკერმა ავსტრიის კანცლერის პოსტზე ფიცი მაშინვე დადო. შტოკერი ხელმძღვანელობს სამპარტიულ კოალიციურ მთავრობას, რომელშიც შედიან მემარჯვენე ცენტრისტული „სახალხო პარტია”, „სოციალ-დემოკრატები” და ლიბერალური „ნეოსი”.

რა მისწერა კობახიძეს ავსტრიის კანცლერმა

ქრისტიან შტოკერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. შტოკერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერად დანიშვნის მილოცვისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პატივისცემას და ურთიერთგაგებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდგომ წლებშიც გავაღრმავებთ წარმატებულ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის”, – აღნიშნავს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რას ნიშნავს შტოკერის წერილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს წერილი საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს.

“აღიარებას არ ნიშნავს, რადგან ეს უბრალოდ იყო მისალოცი წერილი, ავსტრიის კანცლერის უფლებამოსილება ძალაში შევიდა რამდენიმე დღის წინ და კობახიძემ მიულოცა. უბრალოდ, ავსტრიის კანცლერიც ვალდებული იყო, არა მხოლოდ კობახიძეს, არამედ ვინც მიულოცა, მათთვის საპასუხო წერილი გაეგზავნა. დიპლომატიური ეტიკეტი მოითხოვდა იმას, რომ მადლობა გადაეხადა. მადლობის წერილში კი ვერ იტყოდა, რომ არ გაღიარებთ, არჩევნები გააყალბეთ და ა.შ. ეს შემდგომი განსჯის საგანია”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

.ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” ავსტრიის კანცლერის წერილის შეფასებისას აცხადებს, რომ ევროპა ბრიუსელისგან “თავის დაღწევას ცდილობს”.

“ევროპა ბრიუსელისგან თავის დაღწევას ცდილობს. ბრიუსელი იქცა ისეთად, როგორიც იყო მოსკოვი საბჭოთა კავშირის დროს, რომ ყველაფერს მოსკოვს უნდა დაკითხვოდნენ. ამდენად, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ცდილობენ დაუძვრნენ იმ უსამართლობას, რომელსაც ბრიუსელელი ბიუროკრატია იჩენს საქართველოს მიმართ.

“ცდილობენ და უკვე კიდევაც აკეთებენ საქმეს, თანდათანობით მოხდება ის, რომ ყველა დანარჩენებიც ცნობენ საქართველოს ხელისუფლებას. ავსტრია კიდევ ერთი მაგალითია, რომ საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლების აღიარება მოხდება. საქართველოს ხელისუფლების აღიარება დამტკიცდა ანტალიაში მიმდინარე კონფერენციის დროსაც.

“ხელისუფლება რომ ლეგიტიმურია, ეს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, მაგრამ უცხოელების სახელმწიფოების მხრიდან მაინც გაიწელა ეს. ვისზე ნაკლებია აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ჩინეთი , იგივე ავსტრია. მაშასადამე, საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმური ძალაა და ვისაც არ უნდა ნუ დაინახავს.

“მსგავსი განცხადებები თანდათანობით დაიწყება, უკვე ფაქტობრივად დაწყებულიცაა, აბა ვინ უნდა აღიარონ, გვარამია და თაბაგარი? გვარამია-თაბაგარს ბრიუსელი და მაკრონი აღიარებს, დანარჩენი ყველა – საქართველოს”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ “რეზონანსთან”.