ვამბობ კამათს, რომლის მოწმე გავხდი და რომელიც რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, და რომელსაც, ერთი მხრიდან სულ დედის გინება ახლდა. მაგრამ ყველაფერი თანმიმდევრობით. ვფიქრობ, ჩემი ეს გახსენება მაინც სასიკეთოდ წაადგება იმ ახალგაზრდებს ან მათ მშობლებს, რომლებსაც აზროვნების უნარი შერჩენიათ, დემონსტრაციებში მონაწილეობით სულ არ გაუფრენიათ და ვისაც საერთოდ არ დავიწყნია გაზეთის არსებობა.
1964 წლის ცხელი ზაფხულია მოსკოვში. ვიმყოფები „სახელგანთქმულ“ ბუტირკის ციხეში. ციხის საკანი მატარებლის კუპეს მოგაგონებთ: ორ-ორი რკინის საწოლი, ზევით და ქვევით, მაგრამ, მატარებლის კუპესგან განსხვავებით, აქ რკინის კარები გარე სამყაროსგან გამოგყოფს, სარკმელიც რკინის ფირფიტებითაა აჭედილი, დღის სინათლე რამდენიმე საათის განმავლობაში ატანს საკანში, უმეტესად ელექტრონის შუქია. და ასე – მთელი წლის განმავლობაში. ზოგჯერ შორეული კამერებიდან მომესმის რუსული სიმღერა ტკბილი სლავური ხმით: „ცხოვრებაში ერთხელ არის, ერთხელ არის თვრამეტი წელი…“
დღეში ერთხელ ნახევარი საათით „სასეირნოდაც“ (ე. წ. „პრაგულკა“) გავყავართ. მაგრამ რა: ისევ კედლებში მოქცეული სივრცე, ზემოდან რკინის ბადით გადახურული, რომლის ზემოთ ავტომატიანი ჯარისკაცი დააბიჯებს. ერთადერთი უპირატესობა კამერასთან შედარებით: შეგიძლია ცას უმზირო. შემდეგ – ისევ კამერა. ზოგს ემართება ე. წ. „საკამერო ფსიქოზი“, ესე იგი, ვეღარ უძლებს ქვის ტომარაში ყოფნას, რომელთა საზარელი კივილი ჩვენს კამერაშიც აღწევს.
მკითხველს, ბუნებრივია, აღეძვრის კითხვა, თუ რატომ მოვხვდი იქ. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ რუსი დავჭერი, როდესაც ქართველობას აუგად შეეხო. ეს ჩემი საქციელი მაშინ ძალზე მეამაყებოდა, დღეს კი გარკვეული სინანული მიპყრობს, რადგან რუსი ადამიანის ქცევა ჩემგან ასეთ გადამეტებულ რეაქციას არ იმსახურებდა, რომ კაცი დამეჭრა.
ჩემთან ერთად კამერაში იმყოფებოდა ხნოვანებით ჩემზე გაცილებით უფროსი, ეროვნებით ოსი კოტე ცხოვრებოვი, რომლის მეორე დედაენა ქართული იყო (ჩვენი ცოდვა ჰქონდეს იმას, ვინც ქართველებსა და ოსებს შორის მტრობა ჩამოაგდო). ესეც კაცის დაჭრაზე იჯდა. ციხეში დიდად დავმეგობრდით. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ციხის უფროსობამ გადაწყვიტა კამერების დათვალიერება-შემოწმება და ამიტომ, პატიმრები დროებით სხვადასხვა კამერებში განგვთესეს. მე და კოტე აღმოვჩნდით ერთ დიდ კამერაში, სადაც ნაცვლად 25 პატიმრისა, სამოცამდე ვიყავით – ეს დავადგინე კედელზე მიჭედებული თაროების მიხედვით, ე. წ. „პერედაჩებისთვის“, რომელთა რიცხვი 25 იყო. წარმოიდგინეთ ეს კამერა: პაპანაქება ზაფხული, პატიმრები სულ გაშიშვლებული, ოფლისა და ზინზლის სუნი, ისე, რომ თავი ჯოჯოხეთში მეგონა (მაგრამ მეორე ჯოჯოხეთი იყო ორკაციანი საკანი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ პატიმრები მოსაყოლსა და სალაპარაკოს ვიზოგავდით, რათა არ ამოვწურულიყავით, რომ „უსაქმურობისგან“ კედელზე თავი არ გვეხეთქებინა)…
და აი, აქ მოხდა ეს დაუვიწყებელი და საბედისწერო კამათი. მაგრამ ჯერ უნდა აღვნიშნო, რომ უეცრად დამეუფლა ქრისტეზე გაფიქრება, რომელმაც ჩემში წარმოუდგენელი სიტკბოება გამოიწვია, მაგრამ ეს ფიქრი, როგორც ყოყოჩმა „ნიცშეანელმა“, ჩემგან შეგნებულად განვაგდე. აქვე დავძენ, რომ დაკითხვებზე, გამომძიებლებზე სულ გულში ვხარხარებდი, თუმცა ამ მხიარულებას აქარწყლებდა კამერაში ყოფნით გამოწვეული ფიზიკურ-სულიერი ტანჯვა. ხოლო თუ რატომ იწვევდნენ ჩემში გამომძიებლები დაცინვას, ეს საკმაოდ ფაქიზი დაკვირვების საგანია. ციხე, გამოძიება, დაპატიმრება და ა. შ. ემსახურება საზოგადოებისა და მისი კეთილდღეობის დაცვასა და ხელუხლებლობას. მაგრამ ყველაფერი ეს ხორციელდება ძალის გამოყენებით ანუ ძალდატანებით. ხოლო ნებისმიერი ძალდატანება უკვე ბოროტების ნიშნებს შეიცავს ანუ სიკეთის მიზნისთვის (საზოგადოების დაცვა) ხშირად ბოროტების ძალები თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ არიან გამოყენებულნი, როგორც ამას იუწყება სახელგანთქმული ჟოზეფ მარია გრაფი დე მესტრი (1753-1821). და აი აქ სიკეთის მომსახურე გამომძიებელს რაკი ყურებზე დაკიდებული ბოროტება უჩანდა, სწორედ ეს იწვევდა მხიარულებას და მათ დაცინვას.
ვაგრძელებ თხრობას. კოტე, კამერაში რუსების რაოდენობით შეშინებული, ცდილობს, რომ თავზე ხელაღებულ მკვლელად გამომაცხადოს, რათა მათ შიში მოგვაროს. თან გასართობად მიყვება მოსკოვში თავის თავგადასავალს, როდესაც მანქანით მიმავალმა, რაღაც წესი დაარღვია, ოსმა მილიციონერმა გააჩერა და მიუხედავად კოტეს ოსურ ენაზე მჭევრმეტყველებისა, მაინც მილიციაში წაათრია და იქ უმკაცრესი ჯარიმა გადაახდევინა. აი, ეგეთები არიან ოსებიო, და ქართული სიმღერა დაიღიღინა: „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან…“
არ დამავიწყდება რუსი ზედამხედველის („კორპუსნოი“) სიკეთეც, რომელმაც რაკი ცუდად ვიყავი, სხვებთან ერთად კამერიდან არ გამიყვანა ტუალეტების საწმენდად.
ჩვენს დიდ კამერაში ე. წ. „კანონიერი ქურდი“ არ აღმოჩნდა, რომლებიც ჩვეულებისამებრ ჯვარს ატარებენ და ღმერთი სწამთ (?). სულ კომკავშირელ-პარტიულები იყვნენ, მაგრამ აქვე იმყოფებოდა ეკლესიის მსახური, მნათე, დაახლოებით 60 წლის მამაკაცი, პატარა ტანის, გაფითრებული. იგი ყოველ დილას სიმღერით იღვიძებდა: „ვინც ეძებს, ის იპოვის“… და აი, აქ მოხდა ის საბედისწერო კამათი მასსა და ვიღაც ბრგე კომკავშირელს შორის, რომელსაც, როგორც ჩანს, მოთმინება გამოელია ამ მნათეს სიმღერების გამო და პირდაპირ მიმართა მას: „სთქვი, შენი დედა, ვის სწამს აქ შენს გარდა ღმერთის, ვინ ხედავს მას?!“ მნათემ ამაზე, როგორც ქრისტიანს შეეფერება, წარბშეუხრელად და გაბედულად უპასუხა: „განა ხედავ შენს აზრს? იგი უხილავია, მაგრამ ხომ არსებობს?“ – „მე შენი დედა“, – კიდევ გაისმა კომკავშირელის ღრიალი, „ვის სწამს აქ შენს მეტს ღმერთის არსებობა?!“ და, სანამ კომკავშირელი მნათეს შეაგინებდა ან დაარტყამდა, ნარებიდან რაღაც უხილავმა ძალამ წამომაგდო, მივეჭერი კომკავშირელს და მაღალი ხმით შევძახე: „მე მწამს!“ (აქ სულ დამავიწყდა ჩემი „ნიცშეანელობა“, „ღმერთი მოკვდა“ და ასე შემდეგ).
ჩემს შეძახილზე კომკავშირელი შეცბა და ზრდილობიანად მომმართა: „შეგიძლიათ ეს დაამტკიცოთ?“ – „არ არის საჭირო არავითარი მტკიცება!“ – შევძახე და ძალუმად ხელი ვკარი ისე, რომ ნარებზე გადაითხლაშა. კამერაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ხელის გატოკება ვერავინ გაბედა.
„ეს რა ქენი, კაცო“ – მეუბნება კოტე ცხოვრებოვი, ისევ რუსების რაოდენობით შეშინებული, როდესაც ჩემს ნარს დავუბრუნდი.
ერთი სიტყვით, მე და ის მნათე დავმეგობრდით. თურმე რატომ დაუჭერიათ: მოსკოვის იმ ეკლესიას, სადაც იგი მნათე იყო, ანგრევდნენ. ამან ხალხს მოუწოდა, დავიჩიქოთ და ვილოცოთო. ეს ჩაუთვალეს ხალხის „აბუნტებად“ საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ. შემდეგ, ეს მნათე ციხიდან ჩემზე ადრე გათავისუფლდა, რომელსაც დავავალე მოსკოვში ჩამოსული დედაჩემი ენახა. მისულა მნათე და – „თქვენ უშესანიშნავესი შვილი გყავთ!“ – უთხრა. იქეთ სახლის პატრონს შეშინებია – თქვენი შვილი ნუ აგზავნის აქ „ნაპატიმრალებსო“.
ახლა რაც მთავარია: საიდან იცოდა უბრალო მნათემ, რომ მატერიის ფიზიკურ-ქიმიური მოქმედებები და თავის ტვინში ფიზიოლოგიური მოვლენები აღმოაცენებენ თვისობრივად სრულიად განსხვავებულ მოვლენას, როგორიც არის ცნობიერება, „მე“ ან სხვა ნებისმიერი აზრი? როგორ არის ეს შესაძლებელი? ამაზე ჯერ კიდევ 1872 წელს, გამოჩენილმა გერმანელმა ფიზიოლოგმა დიუბუა-რეიმონმა განაცხადა: „არ ვიცით და არასოდეს გვეცოდინება“ – Ignorabimus! Ignoramus et ignorabimus! შემდეგ, ამ თემას მიუძღვნა ანრი ბერგსონმა თავისი კლასიკური ნაშრომი „მატერია და მეხსიერება“, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ ცნობიერება ანუ სული, მიუხედავად მისი კავშირისა სხეულთან, პრინციპში მისგან დამოუკიდებელია და, მაშასადამე, შეუძლია არსებობა ადამიანის სიკვდილის შემდეგ.
და, კიდევ. ყოველივე ამის შემდეგ, ჩემში მოხდა უცნაური ცვლილება: იმავე ძალამ, რომელმაც ნარებიდან წამომახტუნა და მნათეს დამცველად მაქცია, ვიმეორებ – იმავე ძალამ, აშკარა მორწმუნე გამხადა და მიბოძა სასწაულის გამოცდილება, რომელიც იმ დღიდან მოყოლებული, ჩემში სუფევს და წარუვალი განძია.
ვიქტორ (დოდო) რცხილაძე
P. S. სტატია ეძღვნება გულითადი მეგობრის, ნუგზარ (ბუძა) ცხოვრებაშვილის ხსოვნას