9 აპრილს მოხდა ის, რაც მოხდა: ოპოზიციის ლიდერებმა დატოვეს მიტინგი, მაგრამ მომიტინგეთა მცირე ნაწილმა — დარჩენა ამჯობინა

რუსეთს ბევრ სხვა რამეშიც ვადანაშაულებთ, მათ შორის 9 აპრილის მოვლენებში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მრავალ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ჰქონდა ადგილი, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საბჭოთა საქართველოში და საერთაშორისო არენაზე. 1991 წლის დეკემბერში დაიშალა საბჭოთა კავშირი. ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ მიიღო დამოუკიდებლობა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტობა.

მანამდე საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. განხორციელდა სერიოზული საკადრო ცვლილება. საქართველოს კპ ცკ-ს პირველმა მდივანმა გივი გუმბარიძემ შეითავსა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა.

ანალოგიური ცვლილება განხორციელდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში. გადაწყდა უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების საკითხი, რომელიც 1990 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო და არა იმავე წლის შემოდგომით.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ერთადერთი პარტია — კომუნისტური და ყველა ის, ვისაც სურდა დეპუტატობა. დაშვებულ იქნა არა ერთი კანდიდატის მონაწილეობა სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად, არამედ რამდენიმეს, რითაც გზა გაეხსნა კონკურენციას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა დეპუტატობის მსურველთა ავტობიოგრაფიული მონაცემები და განუსაზღვრა საარჩევნო ოლქი, სადაც კანდიდატი უნდა წარმდგარიყო ამომრჩევლის წინაშე. იმ არჩევნებში მეც ვიღებდი მონაწილეობას — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი.

მეტოქეებთან ერთად ამომრჩევლებთან გავმართეთ რამდენიმე საჯარო შეხვედრა, მაგრამ სრულიად უნაყოფოდ, ვინაიდან მოსკოვიდან მიღებული განკარგულებით საარჩევნო მარათონი შეჩერდა, ხოლო მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ახალი არჩევნები გაიმართება, ახალი ყაიდის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ოპოზიციური პარტიები, ანუ დისიდენტების მიერ დაარსებული პარტიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მანამდე საზოგადოებას წარედგინებოდა საარჩევნო კანონპროექტი — მმართველი კომპარტიის და ოპოზიციის მიერ შემუშავებული.

კომპარტიამ წარმოადგინა 2 კანონპროექტი, ოპოზიციამ, ანუ „მრგვალმა მაგიდამ“ — ერთი. „მრგვალი მაგიდის“  ხელმძღვანელი ზვიად გამსახურდია, სხვა წევრები სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას კანონპროექტების განხილვაში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გუმბარიძის კაბინეტში. განხილვის დასრულების შემდეგ კანონპროექტები გამოქვეყნდა გაზეთებში „კომუნისტი“ და „ზარია ვოსტოკა“.

გამოქვეყნებიდან ერთი თვის თავზე გაიმართა უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა სამი კანონპროექტიდან ერთი. სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა — ოპოზიცია-ხელისუფლების მწვავე კამათით. ოპოზიციამ მოახერხა თავისი გულშემატკივრების მობილიზება , რომლებმაც ალყაში მოაქციეს შენობა — დეპუტატების ლანძღვა-გინებით, თუ გამსახურდიას კანონპროექტს არ მიიღებთ, თავებს წაგაცლითო.

დამფრთხალმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტისთვის.

დაინიშნა არჩევნების დღეც, თუმცა ეჭვი არვის ეპარებოდა, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონიდან გამომდინარე ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებდა არჩევნებში. და ასეც მოხდა. უყოყმანოდ შეიძლება თქმა იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს 442 წევრზე (დეპუტატზე) რომ არ განხორციელებულიყო ზეწოლა, უმაღლესი საბჭო მხარს დაუჭერდა არა გამსახურდიას კანონპროექტს, არამედ გუმბარიძის. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან უმაღლესი საბჭო საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო არჩეული.

დაშინებით მიღებულმა საარჩევნო კანონმა ფაქტიურად განსაზღვრა არჩევნების ბედიც. „მრგვალმა მაგიდამ“ საკმაო რაოდენობის ხმები დააგროვა იმისთვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩამოეყალიბებინა. კომუნისტებიც შევიდნენ უმაღლეს საბჭოში, მაგრამ უმცირესობით.

ოპოზიციის თავბრუდამხვევი გამარჯვება, თვით ოპოზიციისთვის იყო მოულოდნელი, რომლის მიზანი უმაღლეს საბჭოში შესვლა იყო, ოპოზიციის ამპლუაში და არა ხელისუფლების მიღება.

გამარჯვებული ოპოზიცია მზად არ იყო ქვეყნის სამართავად. მას არც მართვისთვის შესაფერი კადრები ჰყავდა, თუნდაც ისეთი, ვისაც მინიმალური გამოცდილება მაინც ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში რამე თანამდებობაზე მუშაობის.

მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება არა მარტო აქაურ ხელისუფალთა გადაწყვეტილება იყო, არამედ მოსკოვის. უფრო სწორედ მოსკოვის გადაწყვეტილება, რომელმაც აიძულა აქაური ხელისუფლება, დათანხმებულიყო.

საბჭოთა ხელისუფლებას, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა აშშ-სთან, სურდა დემონსტრირება იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დემოკრატიის გზით მიდის. ასე და ამრიგად საქართველო გახდა საექსპერიმენტო პოლიგონი, ისე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს.

9 აპრილთან დაკავშირებით ისმის ოპოზიციის მოწოდება — შევიკრიბოთ 8 აპრილს და ღამე გავათენოთ პარლამენტის შენობის წინამდებარე მოედანზეო, სადაც უმანკო ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ევროპაში შესვლისთვისო.

1989 აპრილის მოვლენები არა ევროპაში შესვლის სურვილმა გამოიწვია, არამედ აფხაზეთთან შექმნილმა ვითარებამ, რომელიც მოლაპარაკების გზით გადაიჭრებოდა, რომ მასში ოპოზიცია არ ჩარეულიყო მოჭარბებული „პატრიოტიზმით“.

ანალოგიურ „პატრიოტიზმს“ ჰქონდა ადგილი სამხრეთ ოსეთის მიმართაც, როდესაც „პატრიოტი“ ქართველობა, ოპოზიციონერთა ხელმძღვანელობით ავტობუსებით მიადგა „ურჩ“ ოსეთს.

შეგახსენებთ. „პატრიოტები“ ვაკის პარკში შეიკრიბნენ და მარშით წამოვიდნენ მთავრობის სახლისკენ, რათა ხელისუფლებისთვის ეთქვათ სიმკაცრე გამოეჩინა აფსუათა“ მიმართ. მთავრობის სახლთან, ანუ დღევანდელ პარლამენტთან ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დაიყვირა — მოდით ამ კიბეებზე დავსხდეთო. და დასხდნენ, შემდეგ კარვები გაშალეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მიტინგები მოაწყვეს —„პატრიოტთა“ გამოსვლებით.

მსგავს მოვლენას იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში ადგილი არ ჰქონია. მილიციამ, სამართალდამცველმა ორგანოებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. 7 აპრილიდან გაისმა მოწოდებები ნატოში შესვლასთან  დაკავშირებით, რამაც დააფიქრა მოსკოვი და მომიტინგეთა დასაშლელად ჯარის ნაწილები გამოგზავნა — უიარაღოდ.

9 აპრილის, გამთენიეს, როდესაც მომიტინგეთა რიგები საგრძნობლად შეთხელდა, ჯარს უბრძანეს ტერიტორიის გაწმენდა, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი.

ოპოზიცია, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ტაშით შეეგებებოდა ქუჩის მოთხოვნებს და ძალაუფლების დაკარგვას?!

ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც მას ევალებოდა — წესრიგის დაცვა.

8 აპრილის ღამეს მომიტინგეებს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და სთხოვა მათ სალოცავად ქაშვეთში გადასულიყვნენ და მოედანი გაეთავისუფლებინათ. ოპოზიციის ლიდერებმა, მათ შორის გამსახურდიამ, კოსტავამ, სხვებმა არაფრად ჩააგდეს პატრიარქის მოწოდება, უფრო მეტიც წერეთელმა მიკროფონი გამოგლიჯა პატრიარქს და მოუწოდა მომიტინგეებს ფეხი არ მოეცვალათ.

ოპოზიციას აწყობდა შეხლა-შემოხლა, ვითარების კიდევ უფრო გამწვავება, ვინაიდან თვლიდა, რომ ამბოხით იოლად ჩაიგდებდა ხელში ქვეყნის მმართველობას. მოხდა ის, რაც მოხდა: ოპოზიციის ლიდერებმა დატოვეს მიტინგი, მაგრამ მომიტინგეთა მცირე ნაწილმა — დარჩენა ამჯობინა.

9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რა ჭორებს და მითქმა-მოთქმას არ ჰქონდა ადგილი, მათ შორის ჯარის მიერ მომწამვლელი გაზის გამოყენებას.

ხელისუფლება გადადგა. მოსკოვიდან მივლენილმა შევარდნაძემ, იმჟამად სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს კპ ცკ-ს პირველ მდივნად გუმბარიძის — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა წარუდგინა საქართველოს კპ პლენუმს, რომელმაც მხარი დაუჭირა წინადადებას.

ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა. მთავრობის სახლის კიბეები და წინამდებარე მოედანი გვირგვინებით დაიფარა. გახშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მომიტინგეები გაზით დაზარალდნენ. დაიწყო ისტერიული მოთხოვნები კომპენსაციის მისაღებად.

აპრილის მოვლენებს მე და უმაღლესი საბჭოს აპარატის მუშაკები, 24-საათიან რეჟიმში მომუშავენი, თვალნათლივ ვუყურებდით — ვიცოდით რა პატარა ნიუანსიც იქ განვითარებული მოვლენებისა. უფრო მეტიც, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმჟამინდელი თავმჯდომარის ოთარ ჩერქეზიას კაბინეტში, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა მოედანს, საგანგებო შტაბი მოქმედებდა, სადაც სისტემატურად იკრიბებოდნენ პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელები, ძალოვანი მინისტრები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

ჩემი თხოვნით, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ექიმები გამოგზავნა აპარატის მუშაკების ჯანმრთელობის შესამოწმებლად და იმის დასადგენად მოიწამლნენ თუ არა ისინი გაზით.

არც ერთ თანამშრომელს ინტოქსიკაცია არ დაუდგინდა. არადა, ისინი ხომ მოწამლული ტერიტორიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ?

მასობრივი ყვირილი — მოვიწამლეო, სიმულაცია გამოდგა.

მოდით დავსვათ კითხვა — მომიტინგეებს რომ კათოლიკოს-პატრიარქისთვის დაეჯერებინათ, იქნებოდა თუ არა მსხვერპლი?

არც მსხვერპლი იქნებოდა და არც მომიტინგეთა ჯართან შეტაკება, არც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა და არც ხელისუფლება შეიცვლებოდა. ჯუმბერ პატიაშვილი დარჩებოდა საქართველოს კპ ცკ პირველ მდივნად. მას და არა გუმბარიძეს მოუწევდა მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება, რომელშიც გამსახურდია ვერ გაიმარჯვებდა. საქართველოში არ განხორციელდებოდა ფორს-მაჟორული სახელმწიფოებრივი ცვლილებები, რასაც გამსახურდიას დროს ჰქონდა ადგილი და რისთვისაც საზოგადოება მზად არ იყო.

თავისუფლების ლოზუნგების სიტყვიერი გამოხატვა, სულაც არ ნიშნავს თავისუფლებისთვის საჭირო ეკონომიკურ-პოლიტიკურ-საფინანსო გადაწყვეტილებების ცხოვრებაში დანერგვას.

საქართველოს სსრ გააგრძელებდა საბჭოურ ცხოვრებას და 1991 წლის დეკემბერს ყოველგვარი ზარალის გარეშე შეხვდებოდა — 9 აპრილის ტრაგედიის გარეშე; აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მწვავე დაპირისპირების გარეშე; თბილისის ომის გარეშე, ისე, როგორც აფხაზეთის და ოსეთის.

საქართველო, ყველა ჩამოთვლილი ტრაგედიის გარეშე, ლანგარზე მიიღებდა დამოუკიდებლობას, ისეთს, როგორიც მიიღო კრემლიდან.

მავანი შემეკამათება — ვერვინ იწინასწარმეტყველებდა, რომ 1991 წლის დეკემბერს გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლას გამოაცხადებდაო.

ვისაც ის პერიოდი ახსოვს, ანუ 1989 წლიდან მოყოლებული, 1991 წლის დეკემბრამდე კარგად უნდა ახსოვდეს საბჭოეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ერთობ არასტაბილური, მორყეული, რომელიც დიდ გარდაქმნებს წინასწარმეტყველებდა.

როგორც ყოველთვის — მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ემოციებმა იძალეს და გადაგვადგმევინეს ნაბიჯი, ერთობ საზიანო ქვეყნისა და მისი ხალხისთვის.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი