ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის კრიტიკოსს, ყოფილ ბიზნეს მაგნატს, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჩინეთში უძრავი ქონების ყოფილ მაგნატს ჟენ ჩჟიციანს, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინის წინააღმდეგ საჯარო კრიტიკით გამოირჩევა, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით ჩინეთის სასამართლომ ჟენ ჩჟიციანი დამნაშავედ კორუფციაში, მოსყიდვასა და საჯარო სახსრების გაფლანგვაში ცნო.

გარდა ამისა, ჟენ ჩჟიციანს ჯარიმის სახით 4.2 მილიონი იუანის (620 000 აშშ დოლარის) გადახდა მოუწევს.

სასამართლოს ინფორმაციით, ჟენ ჩჟიციანი ბრალდებებს აღიარებს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

გამოძიება ჟენ ჩჟიციანის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მარტში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ესსე, სადაც სი ძინპინი და ხელისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა. მას პრეზიდენტის სახელი არ უხსენებია, თუმცა ესსეში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნა, რაც პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, წერდა: „ცნობისმოყვარეობით ვსწავლობ მიმართვას, იქ არა იმპერატორი, არამედ მასხარა იდგა“.

წყარო: bfm.ge