ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხს მიმდინარე კვირაში მიიღებს – განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამავე შეხვედრაზე, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის დაწყებაში მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.
ტრამპმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ომის დაწყებაში ვოლოდიმირ ზელენსკის არ ადანაშაულებს, თუმცა, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის გულშემატკივარი არ არის. ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზეც, მისი თქმით, დოკუმენტს ხელი შესაძლოა ხუთშაბათს მოეწეროს.
“როგორც იცით, რუსეთი უფრო დიდი სამხედრო ძალაა და თუ ჭკვიანი ხარ, ომში არ ჩაებმები. ამაში შეიძლება, დაადანაშაულოთ ის კაცი, რომელიც ამ სავარძელში იჯდა. ბაიდენს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. მომხდარში ვოლოდიმირ ზელენსკის არ ვადანაშაულებ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მან საუკეთესო სამუშაო გასწია. მე არ ვარ მისი დიდი გულშემატკივარი.
რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებს, ჩვენ შევიტყობთ მათგან პასუხს ამ კვირაში, ძალიან მალე და ვნახავთ, რა იქნება შემდგომ. ჩვენ გვსურს ეს ომი შეწყდეს. გვსურს, მკვლელობები შეწყდეს. უკრაინასთან ჩვენ გვაქვს წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, რომელიც, ვფიქრობ, მომავალ ხუთშაბათს გაფორმდება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება ამ საკითხზე,” – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.