ქართული თაფლი ჩინეთში გავა – მხარეებმა შესაბამის ნებართვას ხელი მოაწერეს

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინ ძის თანათავმჯდომარეობით სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.

კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი აღნიშნული დერეფნის განვითარებაში.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების და საინვესტიციო გარემოს, ასევე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ბიზნესკავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 1.92 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთმა მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.

სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა და ლინ ძიმ ხელი მოაწერეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს; კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას. ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს.

ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი „თბილისის აბრეშუმის გზის” მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.