საქართველოში უცხოელების მიმართ მიდგომა მკაცრდება – ვისთვის შეიზღუდება ბინადრობის ნებართვის გაცემა?

უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით „საერთაშორისო დაცვის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვისთვის შეიზღუდება ბინადრობის ნებართვის გაცემა?

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებათა პაკეტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროპის პარლამენტისა და საბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილების თანახმად:

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;

მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.

თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:

ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს თავშესაფარი;

ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;

მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;

ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გასაჩივრების ვადების კონტროლს;

შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.