სიმართლე 1956 წლის და 1978 წლის მასობრივი გამოსვლების შესახებ

რადიოში მოვისმინე, მანქანის საჭესთან, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, 14 აპრილს სტუდენტები საპროტესტო მიტინგს აწყობენ, ხოლო შემდეგ მარშით გაემართებიან. საით? — მიმიხვდით, პარლამენტის შენობისკენ, სადაც დიდ მიტინგს აანონსებდნენ.

სტუდენტების მსვლელობას და მარშრუტს რა დიდი გამოცნობა უნდაო — მეტყვით. მართალი ბრძანდებით. 1988 წლიდან დაწყებული თბილისელები და არა მარტო, ერთი მიმართულებით დადიან — მთავრობის სახლისკენ, ამჯერად პარლამენტის შენობისკენ.

რომ იტყვიან — ყველა გზა რომში მიდისო — ისეა ჩვენი საქმე. იარონ, იარონ — მუხრან მაჭავარიანისა არ იყოს, იარონ, მაგრამ უშედეგოდ რომ დადიან?!

დადიოდნენ, დადიან და, როგორც ჩანს, ივლიან, ვინაიდან ცუდი ტრადიცია დამკვიდრდა საქართველოში.

როგორ თუ უშედეგოდ, 1978 წელს არ თვლით, როდესაც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტიდან მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ — ქართული  ენის დასაცავად?

ვთვლი, როგორ არა! და არა მარტო 1978 წლის მასობრივ გამოსვლას ვთვლი, არამედ 1956 წლისას, როდესაც მთელი საქართველო აღდგა ხრუშჩოვის მიერ შეურაცხყოფილი სტალინის სახელის დასაცავად.

ის გამოსვლები, მიტინგები, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ტარდებოდა — მართლაც სახალხო იყო, რომელშიც მოსახლეობის ყველა სოციალური ფენა იღებდა მონაწილეობას, გულწრფელად, ბელადისადმი უაღრესად დიდი სიყვარულის გამოხატვით.

ცენტრი მიტინგებისა იყო არა მთავრობის სახლის წინამდებარე ტერიტორია, არამედ მშრალ ხიდთან არსებულ სანაპიროს პარკში აღმართული სტალინის ძეგლი.

ფინალი მრავალდღიანი გამოსვლებისა იყო სავალალო, სისხლიანი. მომიტინგეები გაემართნენ კავშირგაბმულობის შენობისკენ, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე სასტუმრო „თბილისის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა — დასავლეთისთვის  დეპეშის გასაგზავნად — საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა გვინდა და დაგვეხმარეთო.

პასუხი ხელისუფლებისა იყო ტყვიები. დღემდე არვინ იცის დაღუპულ-დასახიჩრებულთა ზუსტი რაოდენობა. ყველაფერი საიდუმლოებით იყო მოცული. მე მაშინ სკოლაში ვსწავლობდი და ნაცვლად გაკვეთილებისა, მოსწავლეებთან ერთად სისტემატურად დავდიოდით ძეგლთან გამართულ მიტინგებზე.

დემონსტრანტთა დახვრეტის დღესაც მიტინგზე გახლდით. როდესაც იქ დგომით დავიღალეთ, რუსთაველის კინოთეატრში წავედით, კინოფილმის სანახავად — ღამის 10 -საათიან სეანსზე.

კინოში მყოფთ არაფერი გაგვიგია კავშირგაბმულობის შენობის წინ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. სეანსის დასრულების შემდეგ, რუსთაველის პროსპექტის პარალელური ქუჩებით მოვკურცხლეთ სახლებისკენ.

შეიძლებოდა თუ არა იმ ტრაგედიის თავიდან აცილება?

დღევანდელი გადასახედიდან, უეჭველად დასვამთ კითხვას — რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ ტრაგედიას ადგილი არ ჰქონოდა?

ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს როგორც რესპუბლიკის ხელისუფლება, ისე საბჭოთა კავშირის.

მეტყვით,  მოლაპარაკება უნდა ეწარმოებინათ მომიტინგეებთანო. აწარმოეს. საქართველოს კპ ცკ-ს პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ არათუ ესაუბრა მიტინგის ხელმძღვანელებს, მათთან ერთად, პირველ რიგში მდგარმა, რუსთაველის პროსპექტზე ჩაიარა, თუმცა უშედეგოდ.

მიტინგის ორგანიზატორებმა ერთ-ერთ ბოლო მიტინგზე გამოაცხადეს „ქეთოს“ შექმნა — ქართული ერის თავისუფლების ორგანოს. იმ დღიდან მოყოლებული სტალინის რეაბილიტაციის თემა მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო საქართველოს სსრ-ს დამოუკიდებლობა — პირველზე.

მომიტინგეებს, რომელთა შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის თემაც გაეჟღერებინათ, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ პროვოკატორები, ვინაიდან იმჟამად, იმ ვითარებაში, რაშიც საქართველოს სსრ იყო, დამოუკიდებლობაზე, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლაზე ლაპარაკი არათუ პროვოკაცია, ზეპროვოკაცია იყო.

მაინც ვისთვის აპირებდა „ქეთო“ დეპეშის გაგზავნას?

და ის ადრესატი, დღემდე ყველასთვის უცნობი, აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას?

და რომც ეღიარებინა, შეძლებდა საქართველო დამოუკიდებელ ცხოვრებას?

1991 წელს რუსეთის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობის შემდეგ, ბევრი დრო გავიდა, მაგრამ გვაქვს თუ არა დამოუკიდებლობა, სუვერენულობა — ჯერაც ვერ გაგვირკვევია, რაც მთავარია, ვერ გვიგრძვნია. რომ გვეგრძნო, ხვეწნას არ დავუწყებდით ევროკავშირს — გაგვაწევრეთ თქვენს ორგანიზაციაშიო. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავბედს იწყევლიან ამ ორგანიზაციაში ყოფნის გამო, ვინაიდან სუვერენულობააყრილნი, გაუპატიურებული არიან, ჩვენ რა გვიზიდავს იქ?

როდესაც საფრანგეთის მთავარი ოპოზიციური პარტია მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით უამრავ არადემოკრატიულ, რეპრესიულ გამოხდომებს აწყდება,  ხოლო ლე პენი — სასამართლოს მიერ გამოტანილ პოლიტიკურ და არასაკანონმდებლო განაჩენს, რომლის მიხედვით მას ეკრძალება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ჩვენ რა გვინდა კავშირში, რომელიც არის ლე პენის დასჯის ინიციატორი?

როდესაც რუმინეთში ოპოზიციონერ ჯორჯესკუს უუქმებენ პრეზიდენტობის არჩევნების პირველ ტურში მოპოვებულ გამარჯვებას, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის საქმეს თითხნიან, რათა მან არათუ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ციხეშიც წავიდეს, საქართველოს რა ესაქმება ესოდენ „დემოკრატიულ“ კავშირში?

როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ორბანს და სლოვაკეთის კოლეგა ფიცოს ავიწროებენ იმისთვის, რომ მოითხოვენ უკრაინისთვის ფულადი და სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რათა დამთავრდეს ომი, ჩვენ რას დაგვმართებენ თუ ამ ორგანიზაციაში გავწევრდებით?

ევროკავშირ-ნატოს დემოკრატიულობაზე ლაპარაკი ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც მტკიცება იმისა, რომ ქართველები ჩინელები ან ამერიკელები ვართ. მაგრამ ვიცით ჩვენ ამის შესახებ?

არ ვიცით და არც სურვილი გვაქვს ვიცოდეთ, ვინაიდან ვასრულებთ დავალებას, დასავლეთის მიერ შეკვეთილს, ფულის მიღებისთვის.

1956 წლის გამოსვლებში ფულის ხსენებაც არ იყო, მაგრამ პროვოკატორებისთვის იყო დაპირება — დასავლეთში საამური ცხოვრების, თუმცა რა გზით ან როგორ მოახერხებდნენ „ქეთოელები“ სანატრელ დასავლეთში მოხვედრას, ძნელი ამოსაცნობი იყო.

„ქეთოელებმა“ არც ის იცოდნენ, რომ მიუხედავად ორი სისტემის დაპირისპირებისა, სოციალისტურის და კაპიტალისტურის, არსებობდა დაუწერელი შეთანხმება გავლენის სფეროების შესახებ, რომლის მიხედვით არათუ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებზე მოსკოვის გავლენა დასავლეთის მიერ აღიარებული იყო. მაპატიეთ, არათუ დაუწერელი, არამედ დაწერილ-დაკანონებული „იალტისა“ და „პოტსდამის“ კონფერენციებზე ანტიჰიტლერული  კოალიციის წევრი საბჭოთა კავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელების სტალინის, რუზველტის, მის შემდეგ ტრუმენის და ჩერჩილის ხელმოწერით.

ისტორიული ფაქტის არცოდნამ, მსოფლიოს იმჟამინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებლობამ „ქეთოს“  წევრების ავანტიურისტულმა მოქმედებამ მოიტანა ტრაგედია. შემედავებით — მაშ საბჭოთა კავშირი უდანაშაულო იყო, ხოლო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატრიოტი ქართველები დამნაშავეებიო?

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა დაუშვებდა ისეთ ამბოხს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომასწავებელი იქნებოდა?

არ დაუშვებდა!

დაუშვებს რომელიმე ევროპული ქვეყანა ხელისუფლების დაკარგვას?

არ დაუშვებს! და რომ არ დაუშვებს, იმიტომაც შეუქმნეს პრობლემები ოპოზიციონერებს ლე პენს, ჯორჯესკუს. სხვაზე აღარაფერს ვამბობ და ეს ყველაფერი დღეს, ე.წ. განვითარებული დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების პირობებში და არა მაშინ, 1956 წელს, ფაშიზმის დამარცხებიდან 11 წლის გავლის, ჰიროსიმასა და ნაგასაკში აშშ-ს მიერ ბირთვული ბომბების ჩაყრის შემდეგ, დემოკრატიის ხსენებაც არსად რომ არ იყო — გაეროს დოკუმენტში დაფიქსირებულის გარდა.

დაუშვა „ ოცნების“ ხელისუფლებამ მომიტინგეთა მიერ პარლამენტში შევარდნის   მცდელობა?

არ დაუშვა! მაშინდელმა შს მინისტრმა, რეზინის ტყვიები დაუშინა პროტესტანტებს. შედეგი?

დაშავებული პოლიციელები და თვალდათხრილი მოიერიშეები.

1956 წლის ამბვები სერიოზულ, მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს, რაც მთავარია დემოკრატიულს და არა ემოციურ-პატრიოტულს, რომელიც მალამოსავით დაგვედება გულს, მაგრამ ნაკლები ეფექტის მომტანი იქნება. იკითხავთ — რატომ არ გამოიძიეს, თუნდაც გორბაჩოვის „გარდაქმნის“(„პერესტროიკის“) დროსო?

გორბაჩოვამდე, ანუ გაგანია საბჭოთა კავშირის პერიოდში თავში არვის მოსვლია იმ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება ან რომ მოსვლოდა, შეძლებდა ამას?!

გორბაჩოვის დროსაც საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ უკვე გადაგვარებულ-შერბილებული მმართველობით, რაც უდავოდ ჰქმნიდა ატმოსფეროს გამოძიებისთვის. სამწუხაროდ, 1956 წელი არვის გაახსენდა და ვისაც გაახსენდა, უმალ დაუკავშირა სტალინის სახელს, რომელიც ახალი საბჭოეთისთვის იმაზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა, ვიდრე ხრუშჩოვის პერიოდისთვის.

დავუბრუნდეთ სტუდენტების მოწოდებას და ქართული ენის დასაცავად მსვლელობა-მიტინგის მოწყობას. რას იცავენ სტუდენტები?

ქართულ ენას! „დედა  ენის“ დღის გახსენება მისასალმებელია და ქართულმა მედიამაც გაიხსენა, ისე, როგორც მას შეშვენის — რუსეთის ლანძღვით; რუსეთი ენას გვართმევდა და მაშინდელმა საქართველოს სსრ-ის ხელმძღვანელმა, მოსკოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, მოახერხა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დატოვება საქართველოს სსრ კონსტიტუციაშიო, თორემ საქართველოს სახელმწიფო ენად რუსულს გვიწერდნენო.

ტრადიციულად, ბოლო 34 წლის განმავლობაში რუსეთი მტარვალად, ქართული ენის გამანადგურებლად არის გამოყვანილი. ეს, ის თანამედროვე რუსეთია, რომელიც უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. და აწარმოებს იმიტომ, რომ დონბასში მცხოვრებ რუსებს შეუნარჩუნოს დედა-ენა. ეს, ერთ-ერთი არგუმენტია იმ სხვასთან ერთად, რომელთა წინააღმდეგ იბრძვის რუსი. და იბრძვის იმიტომ, რომ უკრაინის ნეოფაშისტურმა ხუნტამ აკრძალა რუსული ენა.

ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ რუსეთში 150-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, ყველა მათგანს საკუთარი ენა აქვს, შესაბამისად საშუალო და უმაღლესი განათლება საკუთარ ენაზე. მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვისაც საკუთარ ენაზე განათლების მიღება არვის აუკრძალავს.

ეს, დღეს. რა იყო გუშინ, საბჭოთა კავშირის დროს?

ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში საქმის წარმოება მშობლიურ ენაზე მიმდინარეობდა, რუსული ენა საბჭოთა რესპუბლიკებს შორის დამაკავშირებელი იყო.

საქართველოს სსრ-ი იყო მეცნიერებათა აკადემია თავისი ინსტიტუტებით, თან ისეთი, დიდი ავტორიტეტით და გავლენით, და არა ისეთით, დღეს რომ აქვს. ასეთი აკადემია ისეთია, როგორიც მწერალთა, მხატვართა, არქიტექტორთა და სხვა კავშირები იყო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მათ ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და ისტორიას ჩაბარდნენ.

აკადემია არსებობს, თუმცა ისეთი „პოპულარობით“, როგორიც ზემოჩამოთვლილი კავშირები — სულის ამოხდის პერიოდში.

საქართველოს სსრ-ი იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტი, სხვა სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც იცავდა და ანვითარებდა ქართულ ენას. საქართველოს ენციკლოპედიის გამოცემაც საბჭოთა სისტემაში დაიწყო. საქართველოს სკოლებში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, აგრეთვე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ისე, როგორც ოსურსა და აფხაზურზე. უნივერსიტეტში რუსული ენის ფაკულტეტი იყო. გარდა ამისა იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი — რუსულენოვანი უმაღლესი სასწავლებელი.

მაშინდელი ყველა სიკეთის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა, ჩაწერილი იყო საქართველოს სსრ-ს კონსტიტუციაში — სტალინური რომ ჰქვია. არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას კონსტიტუციაში არ ჰქონია ჩაწერილი მშობლიური ენა, როგორც სახელმწიფო ენა. საქართველოს ჰქონდა! და ჰქონდა იმიტომ, რომ სტალინმა შეუსრულა ქართველ მეცნიერებს თხოვნა — საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის ჩაწერის თაობაზე.

სტალინურმა კონსტიტუციამ 1977 წლამდე იარსება. და ვინაიდან იმჟამინდელი ცხოვრება განსხვავდებოდა იმავე საუკუნის 30-წლების ცხოვრებისგან, გადაწყდა კონსტიტუციის შეცვლა და სტალინური კონსტიტუციის ნაცვლად შემოღებულ იქნა ბრეჟნევის კონსტიტუცია.

სსრკ-ს ახალი კონსტიტუციის მიღებამ თავისთავად გამოიწვია საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციის შეცვლაც. საქართველოს სსრ-ს უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმში შეიქმნა საქართველოს სსრ-ს ახალი კონსტიტუციის შემქმნელი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე.

კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა გაზეთებში „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, სომხურ და აზერბაიჯანულ გაზეთებში.

უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით გასწევდა მუშაობას. კონსტიტუციის პროექტი დაიგზავნა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საშუალო სკოლებში, დაწესებულებებში, ქარხნებსა და საწარმოებში, საბჭოთა მეურნეობებში, კოლმეურნეობებში. ყველას უნდა წაეკითხა პროექტი და პარტიის კრებაზე განეხილა, შენიშვნები და დამატებები წერილობითი სახით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატში უნდა გამოეგზავნათ, სადაც საკონსტიტუციო ჯგუფი განიხილავდა წარმოდგენილ შენიშვნებს, დამატებებს და წარუდგენდა საკონსტიტუციო კომისიას.

მე, როგორც საქმეთა მმართველის მოადგილე, აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში. დამთავრდა პროექტის განხილვის დრო. შეჯერდა კონსტიტუციის პროექტი და შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც პროექტი უნდა წაეღო მოსკოვში სსრკ უმაღლესი საბჭოს და სსრკ კპ ცკ-ს სპეციალისტებთან შესათანხმებლად.

ჯგუფში შევიდა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის იურიდიული განყოფილების გამგე ირაკლი ჩიქოვანი — პროფესიით იურისტი.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატის სპეციალისტებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოს სსრ კონსტიტუციის პროექტი, რომლის დროს მოსკოველმა სპეციალისტებმა იკითხეს, რატომ ამოიღეს კონსტიტუციის პროექტიდან ქართულ ენაზე ჩანაწერი. მათი კატეგორიული რჩევა იყო ქართული ენის ჩაწერა, ისე, როგორც 1936 წელს მიღებულ კონსტიტუციაში. ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდათ სსრკ კპ ცკ-ს აპარატის სპეციალისტებსაც. საქართველოს წარგზავნილებმა უთხრეს მათ, რომ ენის დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა საკონსტიტუციო კომისიის პრეროგატივაა და საქართველოს წარგზავნილებს არ აქვთ ენის აღდგენის საკითხის გადაწყვეტის უფლება.

თბილისში დაბრუნების შემდეგ ჯგუფმა კომისიას მოახსენა მოსკოველი სპეციალისტების რჩევის თაობაზე, თუმცა კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარე შევარდნაძე უძღვებოდა, არ გაითვალისწინა რეკომენდაციები. და არ გაითვალისწინა იმიტომ, რომ ქართული ენის კონსტიტუციის პროექტიდან ამოღება პირადად მისი გადაწყვეტილება იყო.

იკითხავთ — მოსკოვი მოითხოვდა ქართული ენის კონსტიტუციაში დაფიქსირება, ისე, როგორც ეს იყო ძველ, სტალინურ კონსტიტუციაში, მაგრამ შევარდნაძე იყო ამის წინააღმდეგიო?

გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე იყო! შევარდნაძეს სურდა სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წინაშე თავის გამოჩენა და ხაზგასმა იმისა, რომ ნამდვილი პარტიელია, ინტერნაციონალისტი და არა ნაციონალისტი. ასე  რომ, პატივცემულო მკითხველო, შევარდნაძემ და აქაურმა საკონსტიტუციო კომისიამ ამოიღო კონსტიტუციის პროექტიდან ქართული ენა და არა რუსეთმა, კრემლმა, რაც წარმოუდგენელი რამაა — 34 წლის განმავლობაში გაზრდილი თაობისთვის, რომელსაც სისტემატურად, ყოველდღიურად ასმენინებენ რუსეთის ლანძღვა-გინებას, მის ბარბაროსობას, აგრესორობას,  სხვისი ტერიტორიებს, მათ შორის ჩვენის ოკუპაციას და ა.შ.

ზემოთ მოგახსენეთ კონსტიტუციის პროექტის გაზეთებში გამოქვეყნებისა და ორგანიზაციებში განხილვის თაობაზე. განხილვის დროს არვის მიუქცევია ყურადღება პროექტიდან ქართული ენის ამოღებაზე, მათ შორის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.

მოსკოვიდან დაბრუნებული პროექტის განხილვა და ახალი კონსტიტუციის მიღება საქართველოს უმაღლეს საბჭოს სესიას უნდა გადაეწყვიტა. დაინიშნა სესიის მოწვევის დღეც. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დაიწყეს პროექტის განხილვა და ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის ამოღებაზე. იყო თუ არა შევარდნაძისთვის დეპუტატთა გაღიზიანება მიუღებელი?

არ ყოფილა, ვინაიდან მისი დავალებით დეპუტატები წინასწარ გააფრთხილეს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის, ისე, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები — ხმა ამოეღოთ და დაეცვათ ქართული ენა.

უნივერსიტეტიდან დაიძრა დიდი რაოდენობა ხალხისა მთავრობის სახლის მიმართულებით და სესიის მსვლელობის დროს შენობის წინ სახელდახელო მიტინგზე გაჟღერდა — კონსტიტუციაში მშობლიური ენის დაბრუნების თაობაზე.

სესიის დარბაზში შეიქმნა დაძაბულობა. შევარდნაძემ შეწყვიტა მოხსენება და სხდომათა დარბაზის უკან არსებულ კაბინეტში გავიდა — მოსკოვთან დასალაპარაკებლად. მოსკოვმა უკვე იცოდა თბილისში მიმდინარე სახალხო მიტინგის თაობაზე. კრემლიდან დაურეკეს შევარდნაძეს, რათა მისგან გაეგოთ ხალხის ბუნტის გამომწვევი მიზეზი. ამიტომ შეწყვიტა შევარდნაძემ გამოსვლა და დარბაზი დატოვა — მოსკოვში დასარეკად.

და როდესაც მოსკოვმა შევარდნაძისგან გაიგო სახალხო მიტინგის მოთხოვნის ამბავი, უბრძანა მას კონსტიტუციაში ძველი რედაქციის გამეორება.

შევარდნაძე დაბრუნდა დარბაზში და როგორც გამარჯვებულმა მიულოცა დეპუტატებს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაფიქსირება.

შემდეგ ის ჩავიდა მომიტინგეებთან და მიულოცა მათაც, და დემონსტრანტებთან ერთად რუსთაველის პროსპექტიდან დაეშვა სანაპიროს მიმართულებით, როგორც გმირი, რომელმაც ახალი დიდგორი მოიგო, ამჯერად რუსეთთან ბრძოლაში.

შევარდნაძის მიერ დადგმული სპექტაკლი კი არვინ იცოდა, თითო-ოროლა თანამშრომლის გარდა. იკითხავთ — შევარდნაძემ თვით ამოიღო ენა პროექტიდან, შემდეგ თვით გააფრთხილა უნივერსიტეტი — ენას გვართმევენ და გამოდით მის დასაცავადო?!

დიახ! შევარდნაძემ თვით ამოიღო ენა პროექტიდან, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ კრემლი ამის წინააღმდეგი იყო, უმალ შეიცვალა პოზიცია და უნივერსიტეტს მოუწოდა დახმარებისთვის — მე, არაფერ შუაში ვარ, კრემლი მაძალებს ენის ამოღებასო.

მიტინგზე მყოფმა სტუდენტობამ, ისე, როგორც სხვამ, არაფერი იცოდა იმის შესახებ, რაც მოგიყევით. რაც მათ იცოდნენ, იყო ის, რომ რუსეთი მტარვალი, სისხლისმსმელი, ჯალათია, რომელიც ართმევს ქართველებს მშობლიურ ენას.

სხვათა შორის, იგივე აზრისანი არიან დღესაც. ქართულმა მედიამ, სტუდენტობამ, პოლიტიკამ, არასამთავრობო სექტორმა თქვა, რომ 1978 წელს კრემლმა გადაწყვიტა ყველა საბჭოთა რესპუბლიკისთვის კონსტიტუციიდან მშობლიური ენის, როგორც სახელმწიფო ენის ამოღება.

ცდებით, პატივცემულებო! არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ ჰქონდა ჩაწერილი კონსტიტუციაში მშობლიური ენა, როგორც სახელმწიფო ენა. ასეთი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჰქონდა საქართველოს — სტალინის გადაწყვეტილებით, მოგვიანებით სომხეთს.

სახელმწიფო, მშობლიური ენის გარეშე ხის წვრილ, სუსტ ბოძებზე შემდგარ ნალიას ჰგავს — დასავლეთ საქართველოში სიმინდს რომ ინახავდნენ. დედა ენის მნიშვნელობაზე ბევრ ჩვენს სახელოვან მამულიშვილს დაუწერია, მათ შორის გამოვყოფდი ორს — გალაქტიონ ტაბიძეს და ირაკლი აბაშიძეს.

 

გალაკტიონი:

“მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე,

მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით,

ილაპარაკეთ, გევედრებით… ოღონდ ქართულად…

ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”…

 

ირაკლი:

„ო, ენავ ჩემო,

დედაო ენავ,

შენ ჩვენო ნიჭო,

სრბოლავ და ფრენავ,

შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,

შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,

შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,

შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან”…

 

2025 წლის 14 აპრილს, დედა ენის დღეს სტუდენტები შეიკრიბნენ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში. შეიკრიბნენ, პატრიოტული სიტყვები თქვეს პირიდან და არა გულიდან წამოსული და რუსთაველისკენ გაემართნენ, ისე, როგორც მათი წინაპრები 1978 წელს.

ისინიც და ესენიც ვიღაცის მიერ დადგმულ სპექტაკლში იღებდნენ და იღებენ მონაწილეობას, როგორც მასობრივი სცენის მსახიობები. რეჟისორები არც მაშინ ჩანდნენ და არც ახლა.

ისინი, ვინც 1978 წელს იბრძოდნენ ენის გადარჩენისთვის, გულწრფელნი იყვნენ. დღევანდელები?

პოლიტიკურ თამაშებში ჩართული არაგულწრფელნი — ინგლისური სიტყვებით ქართული ენის „გამდიდრების“ მსურველნი.

ინგლისური ენა, მშობლიურ ენა უნდა იყოსო — განაცხადა სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა. ფარისიველურ თამაშთან გვაქვს საქმე და მეტი არაფერი.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი