სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ეუთოს გენერალური მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით, სტაბილურობა საქართველოში მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი.
“მიხარია, რომ თბილისში ვიმყოფები. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ეუთოს გენმდივნის პოსტზე. მე, რა თქმა უნდა, ერთგულად ვემსახურები ყველა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეუთო საკმაოდ დაინტერესებულია და ჩვენ მხარს ვუჭერთ, როგორც საქართველოს, ასევე ამ რეგიონის ყველა ქვეყანას. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი უკვე 60 წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც დაამტკიცა არაერთგზის, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომ, ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის მრავალი საშუალება, რომელსაც ვიყენებთ ასეთ შემთხვევაში და ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ ჩავერთოთ კონფლიქტის რეგულირების საკითხებში.
სტაბილურობა საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორც მისი ხალხისთვის, ასევე – მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.
ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად, ათეულობით წელია, და, კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში, ყველანაირი თვალსაზრისით ყველანაირი საშუალებით, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას გააჩნია”, – აცხადებს ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.