ზატულინის კრიტიკა აფხაზების მიმართ – დასკვნები საქართველოსთვის

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, თავისი პროაფხაზური პოზიციით ცნობილი კონსტანტინ ზატულინი, თანამედროვე აფხაზეთს აკრიტიკებს და მისი განვითარების პერსპექტივებში ეჭვი შეაქვს.

გადაცემაში «Кавказский характер» ზატულინმა თქვა:

“ჩვენ მივადექით გადააზრების მორიგ ეტაპს… აფხაზებს შთამომავლობითი ტრავმა აქვთ სახლმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ისინი ხომ საქართველოს სსრ შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით იყვნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველებსა და აფხაზებს შორის კონკურენცია მიმდინარეობდა საკუთრივ აფხაზეთს შიგნით, ერთი და იმავე მიზნების გამო. ეს იყო ხელისუფლებაში ადგილების თუ შემოსავლიანი ადგილების გადანაწილება. ყოველივე ამან შექმნა შემდგომი კონფლიქტის საფუძველი. სსრ კავშირის დაშლის მომენტისათვის აფხაზეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ქართველები წარმოადგენდნენ, ხოლო აფხაზები მხოლოდ მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენდნენ.

აფხაზეთი დღეს არც თუ ისე წარმატებით გადის გამოცდას და სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. აფხაზი ხალხი პირველად აბარებს გამოცდას სახელმწიფოებრიობაზე. ეს არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება, რომ ჩანდეს. ეს ითხოვს გაგებას მათი მხრიდან, ვინც მართავს და მათი მხრიდანაც, ვისაც მართავენ.

ისტორიიდან მოდის, რომ აფხაზებს გაუჩნდათ გამძაფრებული შფოთის გრძნობა ყველაფერ იმაზე, რაც მათ გარშემო ხდება. მათ ჰგონიათ, რომ ისეთივე კანონები რომ მიიღონ, როგორიც რუსეთშია – უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელზე და მისთ., მათ მაშინვე იყიდიან, გახდებიან უცხონი საკუთარ მიწაზე, ყველაფერს დაკარგავენ, რაც კი აბადიათ და ა. შ.”

ზატულინი მიიჩნევს, და სავსებით სწორადაც, რომ აფხაზების ასეთი პათოლოგიური დამოკიდებულება გარესამყაროსადმი ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას. რუსი დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზებს ჰგონიათ, რომ ის სანატორიუმები, საავადმყოფოები და ქარხნები, რომლებიც რესპუბლიკაშია, მათივე აშენებულია.

“ისიც ვიკითხოთ, სინამდვილეში ვინ ააშენა ახალი ათონის მონასტერი? ახლა იქ სქიზმატიკოსები სხედან და აცხადებენ, რომ იქიდან არ გავლენ” – დასძინა ზატულინმა, რომელმაც ასევე სურვილი გამოხატა, რომ საქართველომ აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიაროს, რითაც ძალიან გაიხარებდა.

ზატულინს რომ ეს სურს, გასაგებია ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, მაგრამ ის ფაქტი, რომ აფხაზებზე ყველაზე უფრო “მოამაგე” კაცი რუსეთში ასეთ კრიტიკას ეწევა, ბევრის მთქმელია. გზა აფხაზეთის რეინტეგრაციისა საქართველოსთან მხოლოდ საქართველოს რუსეთთან კარგ ურთიერთობებზე გადის; თბილისს უნდა ჰქონდეს მოსკოვთან იმაზე უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე სოხუმს აქვს. ამის გარეშე არაფერი გამოვა, გვახსოვდეს!