პროტესტის მონაწილეებმა მთავარი ლოზუნგი შეცვალეს – თუკი აქამდე მარშები და მსვლელობები ახალი არჩევნების დანიშნისა და აქციებისას დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით იმართებოდა, 26 აპრილის აქციის მთავარი მოთხოვნა იყო – „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა”. რა შეიცვალა ლოზუნგის შეცვლით, გამოვა თუ არა უფრო მეტი ხალხი აქციებზე და აიძულებს თუ არა ეს პროცესი ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას?
ანალიტიკოსთა შეფასებით, მოთხოვნების შეცვლა აქციებზე უფრო მეტი ხალხის მოზიდვის მცდელობას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ხალხის რაოდენობა პირველ ჯერზე შესაძლოა მართლაც გაიზარდოს, თუმცა ეს ხელისუფლებას დათმობებზე წასვლას ვერ აიძულებს, რადგან, მათი თქმით, „ლოზუნგების შეცვლით ხელისუფლება არ იცვლება”.
ამასთან, ნაწილი ანალიტიკოსებისა ფიქრობს, რომ ამ ფორმით და ამ სტრატეგიით აქციების გაგრძელებას აზრი არ აქვს, ნაწილი კი პროტესტის გაგრძელებაში აზრს ხედავს, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეაფასონ შემდგომი რეაგირებისთვის.
ამასთან, ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაში, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ოპოზიციისთვის მომგებიანი არაა. თანაც ახლა, ამ სიტუაციაში და ამ მოცემულობით გამორიცხულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გადადგეს.
26 აპრილს „დიდუბის” მეტროდან თბილისის პროკურამდე მსვლელობა გაიმართა მთავარი მოთხოვნებით – „გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა” და „თავისუფლება რეჟიმის ტვეებს”. შუადღისთვის აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ამასთან, მომდევნო დღეებისთვის თბილისსა და რეგიონებში ახალი აქციებიც დაიგეგმა.
რატომ შეცვალა მთავარი მოთხოვნა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები ძველი ლოზუნგით ხალხს ვეღარ აგროვებდნენ.
„ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ პირველმა ვერსიამ – ვადამდელი არჩევნები – მხარდამჭერების რიცხვი ვეღარ მოკრიფა, დროთა განმავლობაში შემცირდა და უფრო მძაფრი მოწოდების შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ ისინი, ვისთვისაც არსებული ხელისუფლება მიუღებელია, ენერგიულად დაემატონ ამ მიტინგებს”, – განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან” აცხადებს, რომ მასაც აინტერესებს რატომ შეიცვალა მოთხოვნები, რადგან ლოზუნგების შეცვლით ხელისუფლება არ იცვლება.
„ეს თემა მეც ძალიან მაინტერესებს. ლოზუნგების შეცვლით რომ ხელისუფლება არ იცვლება, თუ პროტესტის მონაწილეებმა ეს არ იციან, ძალიან ცუდია და თუ იციან, მაშინ ამ ცვლილებას რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს. თუ ფიქრობენ, რომ ამით მოხდება რადიკალიზაცია, ან „ქართული ოცნება” პოლიტიკას შეცვლის, ძალიანაც ცდებიან.
„საპროტესტო პროცესთან მიმართებაში ლოზუნგებთან ყველა ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, რადგან ასეთი ლოზუნგები უფრო საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა მოსახლეობის განწყობაში, საზოგადოებაში და ა.შ. და ეს არაფერში არ არგია არც ოპოზიციას და არც პროტესტის მონაწილეებს. ამ ლოზუნგით, ფაქტიურად, არაფერი არ შეიცვლება”, – განაცხადა ძაბირაძემ.
გამოვა თუ არა ახალი ლოზუნგით უფრო მეტი ხალხი აქციებზე
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ დასაწყისში ხალხი გამოვა, რადგან ნებისმიერი სიახლე მეტ ადამიანს იზიდავს, თუმცა, მისი პროგნოზით, დროთა გამავლობაში ხალხის რაოდენობა ისევ დაიკლებს.
„ვფიქრობ, დასაწყისში გამოვა, ნებისმიერი სიახლე ყოვევთვის უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ხოლმე. მერე თუ აღმოჩნდება, და სავარაუდოა აღმოჩნდება, რომ ლოზუნგის წამოყენება საკმარისი არაა ხელისუფლების შეცვლისთვის, რომ უშედეგოა თუნდაც ამ ლოზუნგის ქვეშ დგომა, მერე ალბათ რაოდენობა ისევ შემცირდება”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
როგორც „ფეისბუქ” ჯგუფ „დაიტოვეში” იწერებოდა, 26 აპრილის აქციაზე „ბევრნი იყვნენ”. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ბევრნი იყვნენ არა იმიტომ, რომ ლოზუნგი შეცვალეს, არამედ ამას გარკვეული გარემოებები უწყობდა ხელს. მისი თქმით, შესაძლოა ხალხის რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ იქნება, რომელიც ხელისუფლებას რამეს აიძულებს.
„გუშინ უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ლოზუნგი შეცვალეს, არამედ იმიტომ, რომ საპროტეტსო აქცია იყო შუადღისას, თან შაბათი დასვენების დღე იყო და ხალხი მეტ-ნაკლებად თავისუფალი იყო, ამინდიც ხელს უწყობს სიტუაციას. შესაძლოა, ხალხის რაოდენობამ მოიმატოს, მაგრამ ეს ის რაოდენობა არ იქნება, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ამ აქციებთან დაკავშირებით.
„აქციების როლი სწორად უნდა შევაფასოთ. რა თქმა უნდა კარგია, როდესაც საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულად იმართება, მაგრამ ჯერჯერობით თუნდაც ეს პერმანენტულობა და ხანგრძლივობა უფრო ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებზე მუშაობს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. მოვა დრო, როდესაც ეს აქციები ამუშავდება, თუ მანამდე პროტესტანტები ქვეყნის შიგნითაც სწორად დაიწყებენ მოქმედებას. მაგრამ ჯერჯერობით არსებულ ვითარებას რაიმე მნიშვნელოვნად ვერ ცვლის ეს აქციები. ქვეყნის გარეთ კი ეს გამოხმაურებები და ხელისუფლების მიმართ პროტესტი რაცაა, რა თქმა უნდა მუშაობს. ამიტომაც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა იყოს ზომიერი და რეალისტური, როგორც მოთხოვნები, ისე ქმედებები”, – განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან”.
აქციების პერსპექტივა ახალი მოთხოვნების პირობებში
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, პროტესტის ამ სტრატეგიით გაგრძელებას აზრი არ აქვს, თუნდაც ახალი მოთხოვნებით.
„ვფიქრობ, პროტესტის ასე გაგრძელებას ზარი არ აქვს, თუნდაც ახალი ლოზუნგით. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს – თუ ალტერნატივა ისეთივე იქნება, როგორიც აქამდეა, რომ ან ეს ხელისუფლება, ან „ნაციონალური მოძრაობის” რაიმე ვერსია, მაშინ ხალხი მაინც არ დაუჭერს მხარს პროტესტს.
„ნაციონალული მოძრაობა” საქართველოსთვის ძალიან მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობაა, არ უნდათ და მოკალით. წულუკიანის კომისიამ კიდევ უფრო აჩვენა რატომ არ უნდა უნდოდეთ. ახალი პოლიტიკური ძალები არ ჩანანო – ეს უფრო სუსტი ნათქვამი იქნება იმ ფონზე, როცა ძველი პოლიტიკური ძალებიც კი აღარ ჩანან. ამიტომაა გაუგებარი როგორი ხელისუფლებისთვის იბრძვიან პროტესტის მონაწილეები, თუკი საერთოდ აქვთ განცდა, რომ რაიმე ხელისუფლება უნდათ, რადგან არის ასეთი პოზიციაც, რომ არანაირი ხელისუფლება არ გვინდა – გაუმარჯოს ანარქიასო”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პროტესტის გაგრძელებას აზრი აქვს, თუმცა ლოზუნგი არ იმუშავებს.
„პროტესტის გაგრძელებას აზრი აქვს. ეს ლოზუნგი, ცხადია, არ იმუშავებს. ამით იმას ცდილობენ, რომ პროცესს უფრო მეტი რადიკალიზაცია შესძინონ, მაგრამ ეს რეალობაში ასე არ იქნება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, თუ რა განწყობებს გამოიწვევს ამ ახალი ლოზუნგის ჩანაცვლება, აქციები უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აქ არსებული სიტუაცია შეაფასონ, ხელისუფლების მიმართ უფრო მომთხოვნები იყვნენ.
„მოხდება ისე, რომ ხანგრძლივი აქციები დროში ნელ-ნელა სიტუაციას ქვეყნის შიგნითაც შეცვლის. ამ ეტაზე ჯერ ასე არაა მდგომარეობა და ვერ შეცვლის, მაგრამ როდესაც მოხდება ზედდება აქ პროტესტის და გარედან ხელისუფლებაზე ზეწოლის, ეს ორი მამოძრავებელი ძალა იქნება, რომელიც საზოგადოებას აამუშავებს. პროტესტიც მაშინ გაძლიერდება და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ხელისუფლებაც მაშინ წავა დათმობებზე”, – განაცხადა ძაბირაძემ.
რას იგებს ოპოზიცია მთავრობის გადადგომით
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, მთავრობის გადადგომით ოპოზიცია ვერ იგებს, რადგან ხელისუფლებაში კვლავ „ოცნება” რჩება და ახალ მთავრობას მოიყვანს.
„მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე – თუ გადადგა, ვინ მოვიდეს? აქციებზე უარი დიდწილად ნიშნავს იმასაც, რომ მოსახლეობა არ ემხრობა ხელისუფლებაში იმ პოლიტიკური ძალების მოსვლას, ვინც შეიძლება აქციების შედეგად მოვიდეს.
„მთავრობის გადადგომით ოპიზიცია არ იგებს, იგებს ის, ვინც დაინიშნება, მაგრამ არც ისაა გამორიცხული და რაღაც ვერსიები გაისმა, რომ დავუშვათ იგივე ივანიშვილი აპირებს ახალი პარტიის შექმნას და გამორიცხული არაა, რომ ამათი აქტიურობაც მაგ სცენარშიც გაიაზროს კაცმა. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, გამორიცხული არაა, რომ ამ მოთხოვნის წამოყენებამ „ივანიშვილური ოპოზიციის” გაჩენა განაპირობოს.
„ერთი რამაც დასაზუსტებელია – სიტყვა „მთავრობის” ქვეშ რას გულისხმობენ ის ჯგუფები, ვინც საპროტესტო აქციაზე დგანან. თუ ეგ იციან, მაშინ ისიც ეცოდინებათ, რომ საპარლამენტო ხელისუფლებაში თუ ისევ „ოცნება” დარჩა, ახალი მთავრობაც ისევ „ოცნების” იქნება”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ კობახიძის და ამ მთავრობის გადადგომით ოპოზიცია არც არაფერს არ იგებს და არც კობახიძე ახლა არ გადადგება.
„არც არაფერს არ იგებს და მეორეც, არ მგონია, რომ ახლა კობახიძე გადადგეს – თავისით არ გადადგება და ივანიშვილი არ გადააყენებს. დღეს პირიქით ხდება, „ქართულ ოცნებაში” კობახიძის გუნდი მოდის სრულად, დარწმუნებული ვარ, თავის ადგილს მხოლოდ გომელაური შეინარჩუნებს, დანარჩენში კობახიძეს კარტ-ბლანში ექნება, ვინც უნდა შეცვალოს, ვინც უნდა დანიშნოს, მაგრამ გამორიცხულია, რომ კობახიძე ახლა გადადგება”, – განაცხადა ძაბირაძემ.