ოპოზიციის მნიშვნელოვანი დღე თუ დეჟა ვიუ – როგორი იქნება 26 მაისი ზურაბიშვილის სცენარით

„ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს, ამისთვის მზადება დაწყებულია” – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ხაზგასმით თქვა, რომ „ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია”. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის განცახდებას, წინა ანონსების მსგავსად ფიასკო ელის, მეორე ნაწილი კი ელის რომ აქციაზე ბევრი ხალხი გამოვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 26 მაისისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

„ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რადგან ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას.

მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა ზურაბიშვილმა 24 აპრილს დააანონსა და აღნიშნა, რომ „რუსთაველის გამზირზე უნდა იზეიმონ”. ოპოზიციურ პარტიებს ჯერჯერობით ამ თემასთნ დაკავშირებით განცახდებები არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიებები ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ახალი ეტაპი თუ ისევ იმედგაცრუება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ანონსი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მისი მხარდამჭერების მორიგი გაწბილების ლუსტრაცია იქნება.

„ეს [აქციაც] ისეთივე ე.წ. წარმატებული იქნება, როგორიც 31 მარტს თუ 9 აპრილს. მათთვის ე.წ. გადამწყვეტ დღეებში დანიშვნა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. წინააღმდეგობის მოძრაობა ერქმევა, პლატფორმას დაირქმევენ, თუ უფრო ხმამაღალ სახელწოდებას – ფაქტია, რომ შიგნით ოპოზიციაში დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებისა და უთავბოლობის გამო, მათი მხარდამჭერებიც საგრძნობლად შემცირდნენ თბილისის ქუჩებში, რითაც ისედაც დიდად არ გამოირჩეოდნენ.

ასე რომ, ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ გაუცრუებს იმედებს იმ ხალხს, რომლებსაც ჯერ კიდევ დარჩათ რაღაც პოზიტივი ზურაბიშვილის მიმართ. მე ვგულისხმობ იმ ხალხს, რომლებიც დაპირისპირებულნი არიან ხელისუფლებასთან. იმიტომ რომ, თვითონ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი არის დესტრუქციული ოპოზიციაში.

თვითონ ამ წიაღშიც არ იღებენ მას, როგორც თვითმარქვია კოორდინატორს. რა ლამაზი მოწოდებებითაც არ უნდა გააკეთოს განცხადება 26 მაისზე, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმ თვალსაზრისით, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გადადგეს ხელისუფლება და ა.შ. ეს ყველაფერი წააგავს იმ რამდენიმეწლიან „წყლის ნაყვას”, რასაც რადიკალური ოპოზიცია ეწევა”.

კითხვაზე, ელოდება თუ არა კონკრეტული ინიციატივის ან გეგმის წარდგენას ზურაბიშვილისგან, მოკლედ გვპასუხობს: „არა. ამ შემთხვევაშიც კონკრეტულ გეგმას არ ველოდები, არანაირად. უბრალოდ, ის ისევ გააწბილებს და შეამცირებს საკუთარ მხარდამჭერებს”, – განაცხადა აბაშიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ თუ 31 მარტის მსგავსად სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს გააკრიტიკებს და აქცია დაიშლება, ამას არანაირი შედეგი არ ექნება.

„რაც შეეხება მზადებას, ყოველ შემთხვევაში, მანამდე გვაქვს არცთუ ისე კარგი მაგალითი. როცა მზადება მიმდინარეობდა – მაგალითად, როცა მე-100 დღე იყო აქციების დაწყებიდან – სალომე ზურაბიშვილი წარსდგა პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოების წინაშე. შემდეგ იყო 31 მარტი. აღნიშნული შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ მიტინგის ორგანიზებითა და მისი სიტყვით გამოსვლით.

რაც შეეხება 26 მაისს, მე მოლოდინები მაქვს, უფრო სწორად გეტყოდით ჩემს სურვილს – უნდა იყოს დაკავშირებული არა მხოლოდ 26 მაისთან ეს აქცია, არამედ იქამდეც უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება, რატომ სჯობს, რომ ოპოზიცია იყოს ხელისუფლებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიცვალოს ხელისუფლება.

პლუს დღეს „ქართული ოცნება” იმარჯვებს საინფორმაციო ომში. თუნდაც კომისიის სხდომები – საუბრობენ იმაზე, რაზეც არ საუბრობდნენ. ესეც დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა მიმდინარეობდეს ბრძოლა, რომ 26 მაისის საპროტესტო აქცია იყოს ეფექტური. რადგან თუ ხალხი გამოვიდა და ზურაბიშვილმა ისაუბრა მხოლოდ იმაზე, თუ რატომ არის ივანიშვილის ხელისუფლება ცუდი და კვლავ დაიშალა აქცია – ეს შედეგს არ მოიტანს.

ჩიტაძე ამბობს, რომ ამ აქციაზე „წესით ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს”.

„წესით ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს – ადამიანები, რომლებიც ნეიტრალურად არიან განწყობილი. აი, სწორედ მათთვის უნდა მოხდეს ახსნა ამ პროცესების მნიშვნელობაზე. მშვიდობიანი გზით უნდა აიძულონ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, ახალი პირობებით. თუმცა ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. ბრძოლა უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით. ოპოზიციის სუსტი წერტილი არის საინფორმაციო ომი, როგორც აღვნიშნე – „ოცნება” ამას ახერხებს, ამიტომ ამ მიმართულებით ოპოზიციას სამუშაო აქვს”, – განაცხადა ჩიტაძე