“ვირუსი დამარცხდება, კაცობრიობა მოიგებს ამ ბრძოლას” – სი ძინპინმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს კორონავირუსის პოლიტიზებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
იდეოლოგიურ დავებზე მაღლა უნდა დავდგეთ და „ცივილიზაციათა ჯახის“ ხაფანგში არ უნდა ჩავვარდეთ, – ეს განცხადება ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, გაერო-ს 75-ე გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.
ჩინეთის ლიდერმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს ვირუსის პოლიტიზებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გაერო-ს წევრები ერთმანეთს ერთი დიდი ოჯახის წევრებივით უნდა უყურებდნენ.
„ჩვენ ადამიანები ვებრძვით „კოვიდ-19“-ს. სხვადასხვა ქვეყნის ხალხი ერთად დადგა, რაც აჩვენებს სიმამაცეს, სიმტკიცესა და თანაგრძნობას. ვირუსი დამარცხდება, კაცობრიობა მოიგებს ამ ბრძოლას“ – აღნიშნა სი ძინპინმა.
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, „კოვიდ-19“ არის ქვეყნების მმართველობის შესაძლებლობებისა და გლობალური მმართველობის სისტემის ტესტი.
“ჩინეთი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ერთგულია მშვიდობიანი, ღია, კოოპერატიული და საერთო განვითარების. ჩვენ არასდროს ვეძებთ ჰეგემონიას, გაფართოებას ან გავლენის სფეროს. ჩვენ არ გვაქვს განზრახული, რომ ვიბრძოლოთ არც ცივ ომში და არც ცხელ ომში, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ” – განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა სი ძინპინმა.
წყარო: cyc.ge