სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კვლავ აქტუალური ხდება – საპარლამენტო კომისია კვლევას აგრძელებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მორიგ შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ყურადღება საქართველოს მესამე პრეზიდენტის საავადმყოფოში ყოფნის საკითხზე გაამახვილა – გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს საავადმყოფოდან ციხეში, ან რატომ გააქტიურდა საკითხი ახლა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ციხეში გადაიყვანონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ცდილობს ზეწოლა განახორციელოს ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე, მე მგონია, რომ არსებობს რეალური საფრთხე, რომ გადაიყვანონ სააკაშვილი ციხეში, ან, ყოველ შემთხვევაში, რაღაც ხდება – ან პოლიტიკურ შანტაჟს აქვს ადგილი. ასე რომ, მინიშნება, რომ შეგვიძლია სააკაშვილი გადავიყვანოთ ციხეში, გაჟღერდა. ასე მგონია, შესაძლებლობა არსებობს,” – განაცხადა ჩიტაძემ.

ჩიტაძე არ გამორიცხავს სააკაშვილის კომისიაზე დაბარებასაც: „არ არის გამორიცხული – შესაძლებელია, კომისიაზეც დაიბარონ და დისტანციურად ჩაწერონ,” – დასძინა მან.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გააქტიურდა საკითხი ახლა: „საკითხი აქტუალურია – თითქმის დღე არ გავა, რომ მე პირადად ქუჩაში არ გამაჩერონ და არ მკითხონ, რამდენად სერიოზულია კომისიის მუშაობა და „ოცნების” დაპირებები, როცა ეს ადამიანი რჩება ფეშენებელურ, ყველაზე კომფორტულ კერძო კლინიკაში, ნაცვლად იმისა, რომ, ადამიანი, რომელიც არის ყველაზე დიდი დამნაშავე საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, იყოს ციხეში.

მთავრობისა და ბიუჯეტის გადამხდელების ფულით არის კლინიკაში და ნებივრობს. ცნობილია (გავრცელდა ინფორმაცია), რომ კლინიკაში მისი ყოფნა დაუჯდათ დაახლოებით 400 000, რაღაც მსგავსი ციფრი იყო, ასე რომ ეს კითხვა არის, და წულუკინმაც ეს თქვა, რომ კითხვები ამაზე არის. ამიტომ, საჭიროა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას, თუ სურს, თავის ამომრჩევლის ნდობა შეინარჩუნოს, მან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას – კანონის დაცვა ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

მამრაძე საუბრობს სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შესაძლებლობაზეც და აცხადებს, რომ საჭიროა მიუკერძოებელი ექიმების კონსილიუმის შექმნა, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს:

„რაც შეეხება სააკაშვილის ციხეში გადაყვანას – მე პრეტენზია არ მაქვს, არც „ოცნების” მიმართ იმ მხრივ, რომ ყველა ამბობდა: ეს ექიმების გადასაწყვეტია. ასე რომ, ექიმების კონსილიუმმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობა იმ დონეზე, რომ აღარ სჭირდებოდეს კლინიკაში ყოფნა. აი, აქ არის პრობლემა.

ჩვენ გვახსოვს, ექიმები, რომლებიც შერჩეულები იყვნენ დედამისის (სააკაშვილის დედის) მიერ – ერთი ამბობდა: ეს დიაგნოზი აქვს, ახლა კვდება… ყველაზე რეალისტური პასუხი კი მისმა პირადმა ექიმმა, ნიკა ყიფშიძემ თქვა – სააკაშვილს ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ერთად სჭირდებაო.

ასე რომ, ეს მომენტია… მახსოვს, „ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება ექიმების გარეშე შეუძლებელია. ეს არის მოსაგვარებელი – უნდა შეიკრიბოს მიუკერძოებელი ექიმების ჯგუფი, თუნდაც მოხდეს მათი უცხოეთიდან ჩამოყვანა, რათა გამოიტანონ ობიექტური დასკვნა,” – განაცხადა მამრაძემ.

რას თქვა წულუკიანმა და რა მოხდა სხდომაზე

„ყველას გვაქვს კითხვა – არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში. პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება,” – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ყოფილ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს უსმენდნენ.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ფოტო-ვიდეომასალას, რომელსაც საგამოძიებო კომისია დასკვნას დაურთავს, ჩახედავს მომავალი თაობა და ახალგაზრდები ნახავენ, რომ სააკაშვილი არ იყო ერის მამა, არამედ იყო მავნებელი და ბოროტი ძალა:

„ამ ფოტო-ვიდეომასალაზე და არა მხოლოდ ამ საქმეზე ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს სააკაშვილმა და მისმა „ენჯეოებმა”, მთელმა პარტიებმა. მერე დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა” მარტივ მამრავლებად. ისინი დღემდე ცდილობენ, რომ ეს მასალა განადგურდეს, დაიკარგოს, წაიშალოს მეხსიერებიდან. ჩვენი კომისიის ვალია, მათ ამის საშუალება არ მივცეთ.

ჩვენს დასკვნას დანართებად ექნება თითოეული ფოტო და ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის წარმომადგენლები ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ იყო მავნებელი, ბოროტი ძალა – როგორც სოზარ სუბარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა.

ყველას გვაქვს კითხვა – დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში. პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ ფარულად დაბრუნდა საქართველოში. მას 12.5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად სააკაშვილი „ვივამედში” იმყოფება.

კომისიამ ყოფილ დეპუტატს მოუსმინა

სხდომაზე მოწვეული იყო ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, რომელმაც სააკაშვილთან პირად დაპირისპირებაზე ისაუბრა: „იმ სახლის გამო, რომელიც ახლა რეზიდენციის მფლობელობაშია, მოგვივიდა დაპირისპირება. იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან. ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, რომ გაზეთში რაღაცეები დამეწერა.

შემდეგ დამემუქრნენ – გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი, ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, ხოლო შემსრულებლები – სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი. ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს.

საინტერესოა ისიც, რომ გელაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა „ოცნების” ხელისუფლების მიმართაც: „გმადლობთ ყურადღებისთვის, ქალბატონო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი. ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები – მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ. ჯარიმა არ მეკუთვნოდა! რის გამო ვიბრძოლე 2012 წელს?” – ასე მიმართა ყოფილმა დეპუტატმა თეა წულუკიანს.

თავის მხრივ, ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკვე წარსულია. წულუკიანმა კი ამ განცხადებას ასე უპასუხა: „სააკაშვილი წასული არსად არ არის – ის ცდილობს დაბრუნებას. ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს,” – განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქალაქო სასამართლომ 2016 წელს დამნაშავედ ცნო ყოფილი მაღალჩინოსნები: ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე. ასევე, 2018 წელს გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.