„უილსონი არის, ვინ გითხრათ? უკრაინაში ჰყავთ, სულ რომ ურტყამენ – გონჩარენკო. ჩვენთან ჩემს „ხაბეს“ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს“ – ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

„უილსონი არის, ვინ გითხრათ? უკრაინაში ჰყავთ, სულ რომ ურტყამენ – გონჩარენკო. ჩვენთან ჩემს „ხაბეს“ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს“ – ზარქუა

„უილსონი არის, ვინ გითხრათ? უკრაინაში ჰყავთ, სულ რომ ურტყამენ, რადას დეპუტატი გონჩარენკო. ჩვენთან ჩემს „ხაბეს“ უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს. „ხაბეს“ ნუ დასცინით, პარტიის თავმჯდომარე იყო და მას გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე უილსონს. ეს უილსონის ინიცირებული სიგიჟეა. ხომ იცით, უილსონი რომელი კონგრესმენია? ხაზარაძეები რომ დაპატიჟა, ინაუგურაციის ბილეთებში ძვირი რომ გადაახდევინა და შემდეგ გარეთ, წვიმაში დააყენა. თაღლითია, კაცი კონგრესმენია და ყიდის დროშებს, ემბლემებს და რაღაცებს, რომ ფული გააკეთოს. ამ ღირებულების და მორალის მქონე კაცი არის ავტორი ე.წ. აქტის, სადაც წერია, თურმე საქართველომ ევროპულ ღირებულებებს და კურსს გადაუხვია.

რატომ? ჩინეთთან ხელშეკრულება გააფორმეს და ანაკლიის პორტში ჩინელები შემოიყვანესო. პირადად მე, შვიდჯერ მქონდა ბრიფინგი და უფრო მეტჯერ ჩვენს ლიდერებს, რომ იქნებ ამერიკელები დაინტერესებულიყვნენ ანაკლიის პორტით. არც დაინტერესებულან და ინტერესი არ გამოუხატავთ, რომ შემოსულიყვნენ და კაპიტალი ჩაედოთ. ჩინეთთან ურთიერთობას ჩვენ გვამადლიან და გვსაყვედურობენ? ევროკავშირში არაფერი არ დარჩა, საფრანგეთი, თუ ევროპის სხვა ქვეყნები, საიდანაც არ ეახლნენ და მოკავშირეობის ხელშეკრულება არ დადეს, ზოგმა სტრატეგიული, ზოგმა მემორანდუმი. თურმე, ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ.

შეუძლიათ, გამჭვირვალობის კანონი მიიღონ და ჩვენ – არა. ჩვენთვის ეს აქტი ნულოვანია, არანაირ ინტერესს და ღირებულებას არ წარმოადგენს. თან ამას ისეთმა ადამიანებმა დაუჭირეს მხარი, ვინც თავის დროზე, ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ტრამპს დამატებითი აქტები არ სჭირდება, რომ ჩვენი რომელიმე ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციროს. ეს უილსონის მიერ შეთითხნილი აქტია, რომელსაც მხარი დაუჭირა გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებულმა, დემოკრატების 300-მდე კაცმა და რესპუბლიკელების ნაწილმა, რომელიც თავად ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა? ბუნებრივია, არა“, – განაცხადა ზარქუამ.

მანვე აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება მიმდინარეობს.

„გახსოვთ, თეთრი სახლის სპიკერი, ლუციფერს რომ ჰგავდა, მეთიუ მილერი, დღე არ გავიდოდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გაეშავებინა – სანქცია და რაღაც სიგიჟეებს იძახდა. ახლა სადმე ჩანს ან ვინმე ახსენებს საქართველოს? ჩვენი დელეგაცია, დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ჩასული იყო და საინტერესო შეხვედრები გაიმართა. ურთიერთობების ნორმალიზება მიმდინარეობს. იმათი არეულის, ახლა დალაგება მიდის. ყველაფერი კარგად იქნება. აქტის მიღება აქ მავნებლებს უხარიათ – ირბინონ. უილსონები და გონჩარენკოები არიან. მათი ნამოქმედარით გული გაიხარონ, ჩვენ კი საქმეს გავაგრძელებთ“, – თქვა ზარქუამ.