ბილ გეითსი აცხადებს, რომ მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის თითქმის მთელ პირად ქონებას გასცემს

კომპანია „მაიკროსოფთის“ დამფუძნებელი მილიარდერი ბილ გეითსი პირობას დებს, რომ მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის მთელ პირად ქონებას გასცემს და მიმართული იქნება უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისკენ.

ბილ გეითსი

ბილ გეითსის თქმით, ასეთი ადამიანები დახმარებას ფონდების მეშვეობით მიიღებენ.

„როდესაც მოვკვდები, ხალხი ბევრ რამეს იტყვის ჩემზე, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ „ის მდიდარი მოკვდა“ არ იქნება ერთ-ერთი მათგანი“, – დაწერა 69 წლის მილიარდერმა.

ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ილონ მასკი გააკრიტიკა. გეითსი ილონ მასკს „მსოფლიოს უღარიბესი ბავშვების მკვლელობაში“ ადანაშაულებს, რაშიც ბილ გეითსი ამერიკის დახმარების ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს.

„სურათი, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კლავს მსოფლიოს უღარიბეს ბავშვებს, არ არის ლამაზი“, – უთხრა გეითსმა Financial Times-ს.

„გაურკვეველია, გააგრძელებენ თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები თავიანთი უღარიბესი მოსახლეობის მხარდაჭერას“, – განაცხადა გეითსმა და აღნიშნა ძირითადი დონორების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ასევე მსოფლიოს უდიდესი დონორის, შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების შემცირება.

ამასთან, გეითსმა განაცხადა, რომ, ფონდის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე პროგრესი შეუძლებელი იქნება.