ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში გამართლებულია და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის „ძმური ერის“ დასაცავად სუვერენული უფლებების განხორციელება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებში შედის. ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელიც კურსკის ოპერაციაში მონაწილეობდა, გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ“, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ყოყმანის გარეშე გამოიყენებს სამხედრო ძალას, თუ აშშ გააგრძელებს იმას, რასაც მან „რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციები“ უწოდა.