პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოყვა. ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების ასეთ არაორდინალურ ნაბიჯს აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის” მიღებასა და იგივე საკითხის კონგრესში განხილვის მოახლოებას უკავშირებენ. მათივე ვარაუდით, წერილი უპასუხოდ არ დარჩება და სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული საქართველოს საგარეო პოლიტიკაც და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური სიტუაციაც.
ოპოზიცია „ქართული ოცნების” მიერ ოფიციალურ ვაშინგტონთან ურთიერთობისთვის ასეთი ფორმის არჩევას ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის სრული ჩავარდნის მაჩვენებლად მიიჩნევს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებით, აშშ-ში ხელისუფლების შეცვლიდან 4 თვის შემდეგაც კი, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკა ისევ არ არის მკაფიოდ გაცხადებული და წერილის მთავარი მიზანიც სწორედ ამ გაურკვევლობის დასრულებაა.
ანალიტიკოსთან ნაწილის აზრით კი, პრემიერის ღია წერილი უფრო შიდა მოხმარებისაა და „ოცნების” მხარდამჭერებზეა გათვლილი.
როგორც ირაკლი კობახიძის წერილიდან ჩანს, ანალოგიური შინაარსის წერილი რამდენიმე კვირის წინაც გაიგზავნა თბილისიდან ვაშინგტონში, თუმცა მასზე გამოხმაურება არ ყოფილა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა ესეც გახდა ერთგვარი ბიძგი ასეთი ღია მიმართვისათვის.
რაც შეეხება მოსალოდნელ პასუხს, მათივე პროგნოზით, ყველაზე ნეგატიური სცენარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოს პრემიერის ახალი, უკვე ღია წერილის იგნორირება იქნება, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან. უფრო რეალურია, რომ ახლო მომავალში პასუხი იქნება სახდეპის ან საქართველოში აშშ-ის საელჩოს დონეზე.
წერილის მთავარი აქცენტები
ირაკლი კობახიძის ღია მიმართვაში ჩანს, რომ ეს წერილი პირველი არაა და რომ ტრამპის ადმინისტრაციას პრემიერმა რამდენიმე კვირის წინაც მიმართა, რასაც წინ უძღვოდა ურთიერთობების გადატვირთვაზე მისი საჯარო განცხადებები. საქართველოს პრემიერი წერს, რომ პასუხი დღემდე არ მიუღია და არც არავითრი კომუნიკაცია ყოფილა.
მისი შეფასებით, ასეთი დუმილი გასაკვირია რამდენიმე მიზეზის და მათ შორის იმის გამო, რომ აშშ საქართველოსთვის ყველაზე საიმედო პარტნიორია და „საქართველო მხარში ედგა ყველაზე ცხელ წერტილებში” მათ შორის ერაყსა და ავღანეთში.
„მარტო ორ მისიაში მონაწილოებით ჩვენმა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება”, – წერს ირაკლი კობახიძე.
პრემიერი ასევე ახსენებს საერთაშორისო რეიტინგებს, რომლს მიხედვითაც საქართველო არის ლიდერი რეგიონში „დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით”.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკაში „თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ხედვებს შორის”. ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება” ღიად საუბრობდა „დიფ სთეითის”, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე” რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია „იდენტურ განცხადებებს გააკეთებდა”.
კობახიძის თქმით, „კვლავაც ძალაშია გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს”.
ამასთან, პრემიერი „მეგობარ აქტს” აბსურდულს და „მტრულად განმსჭვალულს” უწოდებს.
„ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის” დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება”, – ნათქვამია წერილში.
პოლიტიკური შეფასებები
წერილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პრემიერის წერილი იმის დასტურია, რომ „ქართული ოცნებაში” სრული სასოწარკვეთა და ძალიან დიდი ნერვიულობაა”.
ენმ-ის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე „ოცნებაზე” აცხადებს, რომ „სულ ცოტა დრო დარჩა, როცა გამოაცხადებენ, რომ დონალდ ტრამპიც „დიფ სთეითთან” ბრძოლაში დამარცხდა”.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ფეისბუქზე” კობახიძის წერილს აზიარებს და დასძენს, რომ ამ წერილით ჩანს, რომ „ფსიქოპათები გვმართავენ”.
„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამას „ივანიშვილი-კობახიძის წერილს” უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს არის „ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი – ივანიშვილმა უკვე უღალატა ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, უღალატა თავისუფლებას და ქართველ ხალხს”.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილის თქმით, „კითხვები ჩნდება, თუ რატომ არ ხდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო ყურადღების მიქცევა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშკარად უსამართლოდ იყო დაჩაგრული”. მისივე აზრით, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება, „თუკი ამ ყველაფერს სათანადო პასუხი გაეცემა”.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ როდესაც „ოცნება” და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ერთმანეთს „ყველანაირ ღირებულებებით ნაწილში ემთხვევა, ლოგიკურია, აშშ-მა მოინდომოს ურთიერთობების ახალი ნიშნულიდან დაწყება, რათა პასუხი გაეცეს უსამართლობას, რაც საქართველოს მისამართით ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხორციელდებოდა”.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის თქმით კი, „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა დროულად იყოს გაცხადებული, რადგან ამას აქვს დიდი გავლენა და როლი სხვა მიმდინარე პროცესებთან”.
რას ნიშნავს ღია წერილებით ურთიერთობა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ესაა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციისათვის გაგზავნილი ერთ-ერთი ბოლო სიგნალი.
„შესაძლოა, ესაა „ქართული ოცნების” მხრიდან აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისადმი გაგზავნილი ერთ-ერთი ბოლო სიგნალი, რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის გაზრახვა გვაქვს, სამწუხაროდ თქვენგან რეაგირება არაა და თუ ისევ არ იქნება და ამ გადატვირთვის საკითხზე ურთიერთგაგებას ვერ მივაღწევთ, საქართველო ისეთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას გაატარებს, როგორსაც თავად ჩათვლის საჭიროდ – მთავარი მესიჯი ეს იყო.
„აშშ-ის ადმინისტრაციის პასუხის მერე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რა ვექტორით განვითარდება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა. იმედის ამოწურვაზე აღარაა საუბარი, საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოს. წერია, რომ მიუხედავად მომართვისა, რეაგირება არ ყოფილაო და სურთ, რომ აშშ-დან იყოს რაიმე საჯარო რეაგირება.
„წარმომადგენლობით პალატაში „მეგობარი აქტის” მიღება და შემდეგ მისი სენატისთვის გადაცემა – ესეც გახდა ბიძგი, რომ „ქართული ოცნებას” გადაეწყვიტა ასეთი შინაარსის და პათოსის წერილით მიემართა აშშ-ის ადმინისტრაციისთვის. „ოცნებამ” ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთიბების ისტორიაში საქართველოს არცერთ ხელისუფლებას აშშ-ის ადმინისტრაციისთვის ასეთი შინაარსის და პათისოს წერილით არ მიუმართავს და ვაშინგტონიც მიჩვეული იყო საქართველოსთან, როგორც უფროსი და უმცროსი ძმის ურთიერთობას.
„წერილი, პათოსით საკმაოდ მკაცრია, დელიკატურობის ზღვარს არ სცდება, მაგრამ ვაშინგტონში, შესაძლოა, არ არიან მიჩვეული უმცროსი პარტნიორებისგან ასეთი ტონით საუბარს. ინტრიგა შემოტანილია და უახლოეს პრიოდში რეაქციას ვნახავთ.
„კობახიძის წერილამდე აშშ-ის ელჩმა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი გადასცა, სადაც ჩამოყალიბებული იყო, თუ რას ელოდებოდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქრათველოსგან. იქ ეწერა, რომ იმის მიხედვით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად სერიოზულად სურთ მათ ჩვენთან ურთიერთობა გადატვირთონო – დაახლოებით ასეთი შინაარსი იყო. ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, ამერიკული ან ჩვენი მხარე თუ გაასაჯაროებდა დოკუმენტის იმ ნაწილს, რაც გასაჯაროებას ექვემდებარება, რათა უფრო მეტი სიცხადე იქნას შეტანილი, რა სურთ მხარეებს ერთმანეთისგან.
„ის, რაც აშშ-ის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებისგან სურდა, ყოველთვის არ ემთხვეოდა საქართველოს ხელისუფლების გეგმებს და ბოლო წლებში ურთიერთობების გართულება ამან გამოიწვია”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ „ოცნებას” ამოეწურა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების იმედი და წერილიც ამის დასტურია.
„ეს, რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს – მათ არანაირი შანსი არ აქვთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან დილომატიური გზებით ურთიერთობები შეძლონ და სანამ ამერიკა იტყოდა, ამჯობინეს თავად გაეკეთებინათ განცხადება, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობა, მაგრამ თქვენ ჯერ „დიფ სთეითი” ვერ დაამარცხეთო.
„ეს წერილი შიდა მოხმარების უფროა, მხარდამჭერებისთვის იმედის მიცემის მხრივ, თორემ ტრამპს რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უნდოდეს, ამას მშვენივრად მოახერხებენ. პრობლემა კომუნიკაცია კი არა, ურთოერთობები და ის პოზიციებია, რომელიც „ოცნებას” აქვს და რასაც ამერიკული მხარე არ და ვერ მიიღებს”, – განაცხადა ძაბირაძემ.
რამდენად გამართლებულია ურთიერთობის წეილობითი ფორმა
კითხვაზე, რამდენად სწორად შეარჩია „ოცნებამ” აშშ-სთან ურთიერთობების ეს ფორმა, ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ გვითხრა:
„როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება” ასჯერ არ აწონ-დაწონიდა, ვიდრე ასეთი ფორმით მიმართავდა აშშ-ს ადმინისტრაციას? მიმართავ არა რიგით, არამედ სუპერ სახელმწიფოს, რომელზეც ბევრით ხარ დამოკიდებული, აშშ-ს საკმარისი ბერკეტები აქვს, რომ საქართველოში სიტუაციაზე ზემოქმედება მოახდონოს.
„როგორც ჩანს, ფიქრის და განსჯის მერე, ყველა ფაქტორი შეაჯამეს და მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ამ ეტაპზე ასეთი ფორმით მიემართათ ტრამპის ადმინისტრაციისადმი. ნამდვილად არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში იყო მიღებული. ეს სერიოზული განსჯის შედეგად მიიღეს, თავიანთი მრჩევლები ჰყავთ, მათ შორის სტრატეგიული და პოლიტიკური კომუნიკაციის საკითხებში და ალბათ ერთობლივი განსჯის შედეგად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ, შესაძლოა, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ასეთი ფორმა გამართლებული არაა, მაგრამ სხვა შანსი „ოცნებას” არ აქვს.
„სხვა შანსი მათ არ აქვთ და ამასთან, ამით ცდილობენ, რომ იმოქმედონ ქვეყნის შიგნით. სამი კვირის წინათაც მიუწერია და ის წერილი თუ არ წაიკითხეს, ღია წერილის მიწერა რატომ გახდა აუცილებელი? აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ შიდა აუდიტორია დაამშვიდონ და ეს ფორმა აირჩიეს – მხარდამჭერებს უთხრან, რომ ტრამპთან ურთოერთობის რესურსი ამოიწურა. ადრე ბუშს მივწერე წერილი, მაგრამ მე ერთი მოქალაქე ვარ და ეს კი ხელისუფლების დონეზეა. ნორმალურ ვითარებაში როგორ შეიძლება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები ღია წერილით გვარდებოდეს?” – განაცხადა ძაბირაძემ.
არის თუ არა სწორად შერჩეული დრო
ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ გლობალურ პოლიტიკურ მოცემულობაში, საუკეთესო დროის შერჩევაზე ფიქრი და ლოდინი გამართლებული არაა.
„ქართული ოცნება” იმას რომ ელოდის, როდის იქნება საუკეთესო დრო… ვხედავთ, თუ როგორი სწრაფი დინამიკით ვითარდება საერთაშორისო პროცესები. საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ისეთი მომენტები, რომლებიც თავისი მნიშვნელობით აღემატება და დიდი მოთამაშეებისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საქართველოსთან ურთიერთობა.
„დღეს დასავლეთისთვის და განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირველი პრიორიტეტი უკრაინაა. იმის დალოდება, თუ ეს მომენტი როდის დადგება, მთლად გამართლებული არაა, რადგან ესაა ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი, ვიდრე სენატი დაიწყებს ე.წ. მეგობარი აქტის განხილვას, რომელსაც ახლა სახელი შეუცვალეს და „მეგობარი” წაიღეს, რადგან ეს სიტყვა ნამდვილად არ ასახავს ამ აქტის შინაარსს და პათსს.
„როგორ გგონიათ, „ქართული ოცნება” მარტო ამ წერილით შემოიფარგლებოდა? ეს წერილი აისბერგის ხილული ნაწილია და კულუარულად ალბათ გარკვეული ლობისტური ჯგუფები არიან, რომლებიც ამ წერილის საფუძველზე იმუშავებენ საჭირო ხალხთან, რომ სენატში ეს აქტი არ გავიდეს. თუ ეს აქტი მიღებული იქნება და ტრამპის ადმინისტრაცია ხელს მოაწერს, ეს ძალიან მკაფიო სიგნალი იქნება იმისა,რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ვერ გადაიტვირთება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და პირდაპირ განვაცხადებ, რომ ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ აშშ-ს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება სურს”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ამ წერილს აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის” მიღებასა და იგივე საკითის კონგრესში მოახლოებულ განხილვას უკავშირებს.
„მათ უბრალოდ იციან, რომ აქტი მიღებული იქნება და მერე თავის მართლება რომ არ დასჭირდეთ, გაღმა შედავების პრინციპით მუშაობენ” – განაცხადა ძაბირაძემ.
სავარაუდო პასუხი
ანალიტკოსი ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, თუ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერის წერილს უპასუხოდ დატოვებს.
„ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, საერთოდ თუ არ უპასუხებს აშშ. სჯობს, რომ იყოს მკაცრი, თუნდაც ნეგატიური შინარსის პასუხი, ვიდრე საერთოდ არანაირი. თუ საერთოდ არ უპასუხეს, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას არ სურს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა და საერთოდ ურთიერთობის გადატვირთვაზე ხომ საუბარიც აღარაა.
„ვფიქრობ, პასუხი ალბათ იქნება, მაგრამ რა დონეზე გაკეთდება, ესაა საინტერესო. ამ წერილს ალბათ გამოეხმაურება სახელწიფო დეპარტამენტი ერთ-ერთ ბრიფინგზე და ალბათ რეაგირება იქნება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედს ვიტოვებ”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ვარაუდობს, რომ საელჩოს დონეზე იქნება გამოხმაურება.
„არ მგონია პასუხის გარეშე დარჩეს და ეს იქნება საელჩოს დონეზე. საელჩო რაღაც განმარტებებს გააკეთებს. არ მგონია სახელმწიფო დეპარტამენტი ამას გამოეხმაუროს, დარწმუნებული ვარ არ გამოეხმაურება”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.