წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს – შალვა პაპუაშვილი

წლებია, სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილ მეგობრობას ვაჩვენებთ, სანაცვლოდ კი, ვიღაც ამ მეგობრობას მორჩილებად იღებს და თავისი ხელით ჩვენი ცხოვრების მოწყობას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

shalva papuashvili

მისივე თქმით, ამერიკის კონგრესში, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმთან მეგობრობით.

„წარმოგიდგენთ პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელშიც ასახულია საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. 21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები, რომლითაც რეალურად ვხედავთ, რომ შესაძლებელია თეთრი წარმოაჩინონ შავად; ომი წარმოაჩინონ მშვიდობად და ა.შ. ყველაფერი ვირტუალურად ამოატრიალონ. ეს გამოწვევა არის ბევრი ქვეყნისთვის და ერთადერთი ეფექტიანი პასუხი, სიმართლეა რომელიც ყოველთვის უნდა ითქვას, რათა შევეწინააღმდეგოთ დეზინფორმაციულ პროპაგანდას, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ მომდინარეს.

ვხედავთ, რომ ამერიკის კონგრესში, სამწუხაროდ, არიან ცალკეული წევრები, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან წინა რეჟიმის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მეგობრობით. ვხედავთ იმ მფარველობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებში, იქნება ეს ევროპასა თუ აშშ-ში. ძალიან სამწუხაროა, რომ აგერ უკვე 13 წელი გადის და მიხეილ სააკაშვილს ლამის გადააყოლონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ერთი. მეორე, ნაცვლად ნამდვილი მეგობრობისა, რომელსაც ჩვენ წლებია ვაჩვენებთ ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, მათ შორის აშშ-ს, ჩვენ ვიღებთ დამოკიდებულებას, რომ ვიღაცა ამ მეგობრობას იღებს მორჩილების ჩვენებად და ცდილობს შემდეგ უკვე ჩვენი ცხოვრების საკუთარი ხელით მოწყობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონგრესმენი ჯო უილსონი მოქმედებს პრინციპით, რომ შეძახილი ხეს გახმობს და ერთსა და იმავე ნარატივს ატრიალებს.

„მნიშვნელოვანია ცალკეული ფაქტების სწორად წარმოჩენა. რამდენიმე საკითხს გავუსვამდი ხაზს, იმ პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ვრცელდება, განსაკუთრებით ე.წ. მეგობარი აქტის ერთ-ერთი ინიციატორის, კონგრესმენ უილსონის მხრიდან. იგი მოქმედებს პრინციპით, რომ „შეძახილი ხეს გაახმობს“ და ატრიალებს ერთსა და იმავე ნარატივს – ირანი, ჩინეთი, რუსეთი. თავდაპირველად, ეს არავის სასაცილოდ არ ეყო, თუმცა ვხედავთ, რომ ეს გარკვეულწილად გამოცდილი მანიპულაციის ხერხია, ხშირად გამეორება, მართლაც შეძახილი რომ ხეს გაახმობსო. ხშირი გამეორებით ტყუილი აქციო სიმართლედ და რახან ბევრჯერ რაღაცა გამეორდება, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ეს სიმართლე არის.

ბატონი უილსონი გამოირჩევა საქართველოს მიმართ რაღაც ეპითეტების გამოგონებით, პროჩინური თუ პროირანული და ა. შ. არ გვინდობს ეპითეტებით და ერთ-ერთ საფუძვლად, მათ შორის მისი განცხადებისა, მოჰყავს რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დავიწყებას თითქოს ზოგიერთი ცდილობს, თუმცა შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ყველა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, ისევე როგორც ესწრებოდნენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები. უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ბატონი ენრიკე მორა. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობა ევროკავშირის შიგნით. ასე რომ, ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ამ ინაუგურაციაზე. აი, ეს არის ზუსტად ყალბი ნარატივების გავრცელების მცდელობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს.

„თავად აქტს რაც შეეხება, სავსეა წინააღმდეგობებით. გასაკვირია, რომ წარმომადგენელთა პალატა, ამ აქტის ავტორები მიმართავენ USAID-ს, რომ შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის USAID-ია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ თაღლითი ორგანიზაცია უწოდა და რომელიც დახურვის პროცესშია. არ ვიცი, რას უნდა მივაწეროთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა, ორგანიზაციას, რომელსაც მისივე ადმინისტრაცია თაღლითურად მიიჩნევს და რომელზეც ბევრი ფაქტი უკვე გამომზეურდა, უკვეთავს სტრატეგიას, საქართველოსთან შემდგომი საქმიანობის შესახებ.

არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ პირად განცხადებებში კონგრესმენი უილსონი იმაშიც ვერ გარკვეულა 2024 წელს ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვქონდა თუ საპრეზიდენტო. იგი საუბრობს, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილს ვინმემ გაუყალბა რაღაც არჩევნები. ასეთმა ზედაპირულობამ, რაზეც ჩემ ანგარიშშიც მქონდა საუბარი შეიძლება, გამოუსწორებლად დააზიანოს მთელი ხალხები, ქვეყნები და სახელმწიფოები. სამწუხაროა, რომ ზოგი უცხოელი პოლიტიკოსი ასე უპასუხისმგებლოდ უდგება საკუთარ სტატუსს. რაც შეეხება აქტს, ის დაახლოებით 7 გვერდია. ასე რომ, მე წაგიკითხავთ მთლიანად აქტს. მინდა, აქვე მადლობა გადაუხადო „ქართულ ოცნებას“, „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“ თანამშრომლობისთვის. ეს არის საერთო განცხადება სამი ფრაქციისა, პოლიტიკური ჯგუფისა, შესაბამისად ეს არის საერთო განცხადება საქართველოს პარლამენტისა და ეს არის საქართველოს პარლამენტის ერთიანი პოზიცია ამ აქტთან და ზოგადად ამ ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.