მარკ კარნი დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი მიწვევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ძირითად გზავნილებს, რაც ოტავას აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ჰქონდა.
კანადის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ კანადელები „არ აღფრთოვანებულან“, როდესაც ბრიტანელებმა დონალდ ტრამპს ისტორიული, სახელმწიფო ვიზიტი მეორედ შესთავაზეს.
POLITICO წერს, რომ კანადის ლიბერალურმა პარტიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები, სწორედ ტრამპის პოლიტიკაზე ბრაზის სანაცვლოდ მოიგო, კირ სტარმერმა კი პირიქით – პირადად გადასცა ტრამპს მეფე ჩარლზის (რომელიც, ასევე, კანადის სახელმწიფო მეთაურია) მოწვევა, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის შესახებ, უკვე მეორედ. „როგორც ჩანს, კარნი სწორედ ამ განსხვავებულმა მიდგომამ გააღიზიანა“, – ნათქვამია POLITICO-ს სტატიაში.
კანადის პრემიერის განცხადებით, სტარმერის ქმედებებმა „დაარღვია მკაფიო გზავნილების სტრუქტურა“, რომელთა გაგზავნასაც კანადის მთავრობა თეთრი სახლისთვის ცდილობდა, მათი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მუქარის საპასუხოდ.
„ჩვენ გვაქვს სიტყვის თავისუფლება. პრემიერ-მინისტრ კარნის, ასევე, აქვს უფლება ჰქონდეს თავისი შეხედულებები და გამოთქვას მოსაზრებები“, – ასე უპასუხა Sky News-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა პეტ მაკფადენმა მარკ კარნის კრიტიკას. „მან უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ წარმართავს კანადა ურთიერთობებს ამერიკასთან და ანალოგიურად, ჩვენც ასე ვართ“, – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ მეფე ჩარლზი კანადის პარლამენტს 27 მაისს გახსნის, რასაც კარნიმ, უკვე, უწოდა “ისტორიული პატივი“.