საქართველოში აღურიცხავ საწვავზე კონტროლი მკაცრდება. ბიზნესი ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას იწონებს. როგორც ბიზნესასოციაციაში განმარტავენ, ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას.
“დიზელის იმპორტის ზრდა კი პირდაპირ მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრობლემების მასშტაბზე, რომელიც არსებობდა ინდუსტრიაში და 2018-2019 წლებში გამოვლინდა დღგ-სთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ აღურიცხავი საწვავის სახით. საკანონმდებლო ცვლილებებით, ნორმატიული აქტების გამოცემითა და ეფექტური ადმინისტრირებით მიღწეული შედეგები პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასთან და, რაც მთავარია, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან” – ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.
ნავთობიმპორტიორთა კავშირს დიდი ხანია აქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში ხდება აღურიცხავი დიზელის საწვავის რეალიზაცია. ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტის, ვანო მთვრალაშვილის თქმით, ამის წყარო შეიძლება იყოს ადგილზე წარმოებული აღურიცხავი პროდუქცია ან საქართველოში ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოდიან ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი მთვრალაშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნებში საწვავი იაფია. სატრანზიტო ავტომანქანები, ნებისმიერი საქონლის ტრანზიტისას ავსებენ მაღალილიტრაჟობის ავზებს იაფი საწვავით და მისი საქართველოსი გაყიდვით იღებენ დამატებით შემოსავალს. მთვრალაშვილის განმარტებით, პირობითად, ზოგიერთ სატვირთოს 2 ტონიანი ბაკებიც კი აქვს. მაშინ როცა საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დასაფარად (გზა წითელი ხიდიდან ბათუმამდე) მას 200-300 ლიტრი საწვავი თავისუფლად ეყოფა, ავზით შემოტანილი საწვავის დაჩენილ მარაგებს ტრანზიტორი მძღოლები ადგილზე ასაღებენ და მოგებას ნახულობენ. მთვრალაშვილი საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს და დასძენს, რომ აუცილებელია, საქართველოში შემოსულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზებით შემოტანილ დიზელის საწვავზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა.
“მაგალითისათვის, თურქეთის რესპუბლიკაში მკაცრადაა რეგლამენტირებული ქვეყნის ტერიტორიაზე შესული ყველა სატრანსპორტო საშუალების საწვავის მოცულობის ოდენობა და მათზე ხორციელდება მნიშვნელოვანი სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ანალოგიური ვითარებაა უკრაინიდან პოლონეთში შემავალ სატრანსპორტო საშუალებებზე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ქვეყნების გამოცდილება, ვინაიდან ეს არის ყველაზე ეფექტური მექანიზმი სატრანსპორტო საშუალებების ავზებით შემოტანილ აღურიცხავ საწვავზე კონტროლის დამყარების მიზნით. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ ობიექტური მიზეზების გამო და შესაბამისად, აღურიცხავი პროდუქციის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე კეთილსინდისიერ მეწარმეს” – ამბობს მთვრალაშვილი.
შეგახსენებთ, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე “წითელი ხიდი“ აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 10 დღის მონაცემებით 5 000 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
წყარო: ghn.ge