გუშინ, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ხუბუტია პოლიციაში მივიდა და ყოფილ საყვარელ იულია ვანზე თავდასხმა აღიარა. აპრილის ბოლოს, ქართული წარმოშობის მილიონერი ქალს საკუთარ სახლში ცულით სასტიკად გაუსწორდა.
- აღიარებიდან რამდენიმე საათში მოსკოვის ტვერის სასამართლომ ბიზნესმენს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.
მანამდე ხუბუტია ამტკიცებდა, რომ პირიქით, ყოფილი საყვარელი დევნიდა და აშანტაჟებდა. ასევე ამბობდა, რომ თითქოს არანაირი ცულით თავდასხმა არ მომხდარა და ეს იყო იულიას მიერ დაგეგმილი შოუ-პროგრამა, რათა ყოფილ საყვარელზე შური ეძია და საზოგადოების ყურადღება მიექცია.
თუმცა მოგვიანებით ბიზნესმენმა თავად მიაკითხა პოლიციას და ჩადენილი აღიარა. ხუბუტიამ ბრალი აღიარა “საშუალო სიმძიმით ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების” მუხლით. მის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული – “მკვლელობის მცდელობა”, თუმცა ამ ბრალდებას იგი არ დაეთანხმა. ბიზნესმენს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამასთან, ბიზნესმენმა და მისმა დაცვამ მოითხოვეს სასჯელის სახით არა შიდაპატიმრობა, არამედ გარკვეული პრივილეგიების აკრძალვა – ბრალდებულის მხარის თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ხუბუტიამ და მისმა ადვოკატმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს და ჩუმად ჩასხდნენ მანქანაში.
ელიტური დასახლება, სადაც თავდასხმა მოხდა, ყველა მხრიდან აღჭურვილია ვიდეო თვალთვალის კამერებით, ამიტომ ვანის სიტყვების დადასტურება არ იყო რთული. ქსენია სობჩაკმა, რომელმაც დაზარალებულთან ინტერვიუ ჩაწერა, იმ დღის ჩანაწერები გამოაქვეყნა. მათზე ჩანს, როგორ შედის ეჭვმიტანილის მანქანა დასახლებაში, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯით ტოვებს შემთხვევის ადგილს. კადრებში ჩანს, რომ ხელში პატარა ცულით უკავია, აცვია მუქი კაპიუშონიანი ზედატანი. მასთან ერთად იმ დროს კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
იულია მედიასთან საშინლად აღწერდა იმ დღის მოვლენებს.
“ლოგინში ვიწექი და ჩემს შეყვარებულს ტელეფონზე ვესაუბრებოდი. უცებ კარის დახურვისა და ნაბიჯების ხმა გავიგე. მიხეილი აჩრდილივით შემოვიდა ოთახში. ჩუმად დაჯდა საწოლზე და მითხრა “გამარჯობა”. ტელეფონი გავთიშე, დავდე, ვეკითხები: “რა გინდა ჩემგან?” – ვხვდები, რომ ადამიანი არაადეკვატურია, მთვრალია, კანკალებს.
დავიწყე ყვირილი, მან ქურთუკის ქვემოდან ცული ამოიღო: პატარა, სანადირო ცული და დამიწყო დარტყმა, უნდოდა რომ ფეხები დაემტვრია. რაღაც მომენტში, მგონი, გამოვტაცე ცული, მერე ისევ წამართვა. თავზე ხელებს ვიფარებდი, მეშინოდა, რომ ან თავში მომხვდებოდა, ან ყელში და მომკლავდა. დავეცი და თავი მკვდრად მოვაჩვენე. ამ დროს გაიქცა და კიბეებზე ჩაირბინა. ცული თან წაიღო. ვფიქრობ, ძალიან შეეშინდა და გაიქცა”, – იხსენებდა ქალი.