ცვლის თუ არა აშშ საქართველოს მიმართ პოლიტიკას და რატომ აგვიანებს ვაშინტონი კობახიძის წერილზე პასუხს

მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციიდან ჯერ ოფიციალური პასუხი არ ყოფილა, არც საელჩოს დონეზე.

თავად კობახიძის ერთ-ერთ ბოლო განცხადებიდან იკითხება, რომ პასუხს ელის ხელისუფლება. თუმცა, მანამდე, წერილში აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინაც მიმართა ასევე წერილობით, თუმცა პასუხი “დღემდე არ მიუღია”.

კობახიძე აღნიშნავს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი მოახერხებს „დიფ სთეითის” შესუსტებას”, ეს “დადებითად აისახება” ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ “ვერ შეასუსტებს”, დღეს არსებული სტატუს-კვო დარჩება.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, დღეს ეს თემა ტრამპის ადმინიტრაციისთვის აქტუალური არაა, თუმცა, ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია და თავად საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის პოზიტიურ ნაბიჯებს. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი მიიჩნევს, რომ სანამ აშშ-ჩინეთის ურთიერთობა არ გაირკვევა, საქართველოს საკითხი აქტუალური ვერ გახდება.

რას აცხადებს პრემიერი

კობახიძის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.

თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის” შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუსკვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი” იქნა მიღებული.

“ძალაშია სანქციები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ ამერიკული მხრიდან ასევე არის ინტერესი ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა7 ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო, გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ ადმინისტრაციის წინაშე. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “იმედთან”.

კობახიძემ აშშ-ს ადმინისტრაციას წერილი 13 მაისს მისწერა, 17 მაისს ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიას მისწერეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან კობახიძის წერილზე კითხვის საპასუხოდ.

„აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას”, – აღნიშნულია წერილში, რომელიც”ფორმულას” თქმით, დეპარტამენტიდან გამოუგზავნეს.

რატომ აგვიანებს აშშ-დან ოფიციალური პასუხი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ახლა კობახიძე და მისი წერილი ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტული საკითხი არაა, თუმცა, აშშ-ს დეპარტამენტის პოზიცია ცნობილია, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.

“ახლა კობახიძე და ეს თემა ამერიკისთვის და ტრამპისთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანი არაა, რომ წინ დააყენონ. გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს პრიორიტეტული საკითხი არაა. პრინციპში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოხმაურება უკვე იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცის რა უნდა გააკეთოს, ჩვენ უკვე ნათქვამი გვაქვსო, რათა აშშ-საქართველოს ურთოერთობები ნორმალიზდეს.

“საქართველოს ხელისუფლება საელჩოს დონეზე გაფრთხილებულია და ახლა ასეთ დიალოგში არ შევლენ – მოდი, ასე არა და ისე ვქნათო. თუ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ამ პირობებით ურთიერთობის ნორმალიზება, მაშინ გაგრძელდება ის, რაც არის და უფრო დამძიმდება იმით, რომ მიღებული იქნება ეს “მეგობარი აქტიც” და სხვა სანქციებიც”, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სანამ აშშ-ჩინეთის ურთიერთობები არ გაირკვევა, მკაფიო პასუხი მოსალოდნელი არაა.

“სიმართლე გითხრათ, რაიმე მკაფიო პასუხს საერთოდ არ ველოდები და რატომაც არ ველოდები, ალბათ იგივე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს დაგვაინებასაც. კერძოდ, აშშ-სთვის საქართველო ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ განსაკუთრებით, როგორც ჩინეთიდან მომავალი სატრანზიტო გზის ერთ-ერთი საკვანძი ქვეყანა. სულ იმას გვსაყვედურობდნენ რუსეთისკენ რატომ მიდიხართო, მაგრამ უილსონის მიერ დადებულ”მეგობრობის აქტშიც” პირველად ასხენეს ჩინეთი.

“დაიწყო საყვედურები ჩინეთისკენ რატომ მიდიხართო? მართალია, საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობის გამყარებისთვის რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ეს ამერიკისთვის თავისთავად პრობლემურია იმდენად, რამდენადაც ჩინეთს უყურებს, როგორც კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონიის თვალსაზრისით და ახლა ეგ აქვს გადასაწყვეტი, ეს არაა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობა.

“აშშ-ს ჩინეთთან ურთიერთობა აქვს გადასაწყვეტი და გააჩნია რა ტიპის იქნება. თუ იქნება უკომპრომისო ბრძოლა, მაშინ აშშ ალბათ ყველა იმ არხის ჩაკეტვას დაიწყებს, რაც ჩინეთისთვის ეკონომიკურად ხელსაყრელია. თუ თანამშრომლობის სურვილი იქნება, მაშინ ასეთი რამ არ მოხდება და ჩვენ ზუსტად მეორე ვარიანტი გვაწყობს.

“დღეს ამერიკულმა მხარემ როგორ უნდა გაგვცეს პასუხი, რომელსაც ჯერ ჩინეთთან არ მოუმწიფებია თავისი პოლიტიკური მიდგომა?! თუმცა, პასუხს მაინც უნდა ველოდოთ, შეიძლება ზრდილობიანი ფორმით გვითხრან გვაცადეთო, შეიძლება არ გვითხრან, მაგრამ მე მაინც მკაფიო-ჩამოყალიბებულ პასუხს მას მერე ველოდები, რაც ასევე მკაფიო და ჩამოყალიბებული იქნება ამერიკის და ჩინეთის ურთიერთობა”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცვლის თუ არა აშშ საქართველოს მიმართ პოლიტიკას

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროსაც არ იყო საქართველო მაინცდამაინც აქტუალური საკითხი, თუმცა მაშინ ხელშეკრულების დონეზე სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, დღეს კი ეს ხელშეკრულება გაუქმებულია.

“ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც არ ვიყავით მაინცდამაინც აქტუალური საკითხი, ერთადერთი ის იყო, რომ მაშინ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული. პრაქტიკულად, მსოფლიოში ჩვენი არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი გარანტი შეერთებული შტატებია.

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის “სახელმწფოები” რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად არავის რომ არ უაღიარებია, ეს პირველ რიგში აშშ-ს დამსახურებაა. სპეციალური კანონიც კი აქვთ მიღებული, რომ ამერიკა იმ ქვეყანას არ დაეხმარება, რომელიც ამას გააკეთებს. ამის შედეგად, ბევრმა ქვეყანამ აღიარება უკან წაიღო.

“დღეს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულება გაუქმებულია, საქართველოს ხელისუფლება წინა ადმინისტრაციის დროს გინებით იყო დაკავებული, ახლაც პრინციპში დკავებულია იმით, რომ მოდი დაგველაპარაკოს ჩვენო.

დალაპარაკებაში იგულისხმება, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლება აღიაროს, ყოველგვარ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, მსგავს ინსტიტუციებსა და ასეთ თანამშრომლობაზე უარი თქვას და სხვა მხრივ დავილაპარაკოთო და ეს უბრალოდ გამორიცხულია. შეუძლებელია აშშ-ს საქართველოსთან იგივე ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც რუსეთთან, ჩინეთთან, ან სხვა სახელმწიფოებთან აქვს.

“ამერიკასთან ურთიერთობის ჩვენი მთავარი იარაღი სწორედ დემოკრატია იყო და არა ის, რომ მეორე ადგილზე იდგეს სატრანზიტო ფუნქცია. თუ აქ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირი და ამერიკის მთელი სახელმწიფო მანქანა ნომერ პირველ მტრად ჰყავს წარმოსახული, ასეთ პირობებში, ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებასთან ნორმალურად არ ითანამშრომლებს და ისიც აღქმული იქნება, როგორც მტერი და შესაბამისად მოიქცევიან.

“სახელწიფოთა შორის ურთიერთობებში ყოველთვის ვერ იმიჯნება სახელმწიფო და ხალხი. როგორც წესი, ქვეყნებს წარმოადგენენ ხელისუფლებები და თუ ეს ეკონომიკური სანქციები იქნა, გარკვეულწილად ხალხიც დაზარალდება. ხალხი კარგად იყოს და ხელისუფლება ცუდად, ეს ცოტა რთულია განახორციელო საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, ფაქტიურად შეუძლებელიც”,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა “რეზონანსთან”.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, საქართველო აქტუალური თემა იყო, თუმცა “ეს იყო ჩვენთვის მძიმე”. მისი თქმით, ახლა ეს აქტუალობა ჩაიკეტა და როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

“ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო აქტუალური თემა იყო, თუმცა ეს იყო ჩვენთვის მძიმე, რადგან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოზე შესაძლოა ჩინური ტრანზიტი გავიდეს, ამერიკის წინა ადმინისტრაციას სურდა, რომ საქართველოში დემოკრატების გავლენა ყოფილიყო, ამ დროს საქართველო კონსერვატიული მოძრაობის წევრი გახდა და ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოსთან ბრძოლა ამიტომაც დაიწყო.

“ეს ბრძოლა გამოიხატებოდა იმაში, რომ მოწოდებები იყო, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო, რაშიც მთელი ევროპა აიყოლია. ეს იყო მოწოდება, რომლის ადრესატი საქართველოს მოსახლეობა გახლდათ, თუმცა, საქართველოს მოსახლეობამ არჩევნების შედეგად, ხელისუფლება არ შეცვალა.

ამის მერე მეორე გზა დარჩა – რევოლუციის მოწყობა. რევოლუცია არც იქამდე იყო გამორიცხული, მაგრამ შემდეგ ეს ფაქტიურად ერთადერთი გზა დარჩათ. ამიტომაც დაიდო ბრალდება, რომ არჩვენები გაყალბდა, არალეგიტიმურია და ა.შ.

“ბაიდენის დამინისტრაცია აშკარად გვებრძოდა, რადგან უკვე პარტიული ინტერესიდან გამომდინარე, მათ აქ ხელისუფლების შეცვლა სურდათ, რათა კავკასიაში კონსერვატიზმის გავლენა შემცირებულიყო. ახლა უკვე სიჩუმე ტრამპის მხრიდან მოწმობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ხაზის გატარებას არ აპირებენ, მაგრამ როგორს აპირებენ, ეს უკვე საკითხავია.

“ანუ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს საგინებელი აქტუალობა ჩაიკეტა, მაგრამ როგორი დამოკიდებულება ჩამოყალიბდება საქართველოს მიმართ, გასარკვევია.

გავიხსენოთ, ვენსის და მასკის მასალებში, სხვა ქვეყნებზე ძალადობა მიუღებელია და ტრამპის ამერიკამ მართლაც მოხსნა ფინანსები და აკრძალა სხვა ქვეყნებში გადატრიალების მოწყობა, რაც ჩვენთვის ბაიდენისდროინდელი პოლიტიკისგან არსებითად განსხავდება, რადგან ზუსტად ჩვენზე იყო მომართული ბაიდენის ადმინისტრაციის რევოლუციის ისარი.

“ახლა ეგ მოიხსნა და ამ მხრივ ტრამპის პოლიტიკასთან საერთო გვაქვს. საერთო გვაქვს ისიც, რომ დემოკრატების ნაძალადევი ტიპის არატრადიციული ღირებულებები მიუღებელია ტრამპისთვის და მიუღებელია ჩვენთვისაც – ჩვენთვისაც ქალი ქალია და კაცი კაცი. “დიფ სთეითის” თემაც ამ დამთხვევის წერტილების ანალოგიურია. კობახიძე ამბობდა, ჩვენ ბევრი საერთო გვავქვსო, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია ჩინეთის საკითხზე იქნება თუ არა პრობლემა.

“საბოლოო ჯამში, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარი არ უნდა თქვას, თუმცა, აქამდე რაც ერთად, ერთ მსოფლიოში ვიცხოვრეთ, ეგ სტრატეგიული პარტნიორობა დიდად გამოხატული არ იყო.

2008 წელს ომის მერე, “წყალი მოგვაწოდეს”, ეს ურთოერთობა წყლის გარდა რას გულისხმობდა, ბოლომდე არ ვიცით. თუმცაღა, კავკასიის რეგიონში საკვანძო ქვეყანა ვართ და მათ ეს ურთიერთობები სჭირდებათ, ამიტომაც სავარაუდოა, რომ პარტნიორობაზე უარს არც ამერიკა იტყვის და არც ქართველები აპირებენ უარის თქმას. ჯერჯერობით ტრამპს თავისი გასჭირვებია და სხვა მთავარი პრობლემები აქვს გადასაჭრელი”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “რეზონანსთან”.