აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა

აჭარაში ეპიდაფეთქების ფონზე ახალი შეზღუდვები ძალაში შევიდა. დღეიდან გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება.

კვების ობიექტები შეზღუდული დროით იმუშავებს. კაფეები და რესტორნები 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტება. სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

ამ დროისათვის წითელ ზონაში 1200-ზე მეტი კოვიდპაციენტია. 500-მდე კლინიკებში მკურნალობს, დანარჩენი საკარანტინო სივრცეებსა და სახლებში. დღეს 4000-მდე ადამიანი ანალიზის პასუხს ელოდება. მათ შორის არიან აჭარა ტექსტილის თანამშრომლები. ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ დაიკეტა, ფაბრიკაში კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”